იენს სტოლტენბერგი:მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვითი პაქტი მომზადებულია „ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის“

მე ვიცი რუსეთის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ რუსეთს აქვს ალტერნატივა: ნატო-სთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვითი პაქტი მომზადებულია „ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის“. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შესაძლებელია პოლიტიკური გზის პოვნა, თუმცა კონფლიქტის რისკი კვლავ რჩება.

„ნატო-ს შეკავება სანდო და ძლიერია. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი და ვიმუშაოთ საუკეთესოსთვის, მაგრამ მზად ვიყოთ უარესისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიუღებელია რუსეთის პროტესტი ალიანსის გაფართოების პერსპექტივებზე, რადგან ეს ნატო-ს ძირითად პრინციპებს არღვევს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი და ნატო მზად არიან, ისაუბრონ რუსეთთან რისკის შემცირების შესაძლო ზომებზე, როგორიცაა „შეიარაღების კონტროლი, სამხედრო აქტივობების, წვრთნების და ასევე, კომუნიკაციების ხაზებზე მეტი გამჭვირვალობის მცდელობა“.

„ჩვენ მზად ვართ, ვესწრაფოთ უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ადრეც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია კომპრომისებზე წასვლა და გადაწყვეტილებების პოვნა რუსეთთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვია
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 ადამიანი