მოკვლევის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 9, 2020 10:42

მოკვლევის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები აწარმოა, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მინდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი.

„ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ, შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, 85 000 ლარით დაზარალდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შედგენილი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის, გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. მოკვლევის შედეგად, ვლინდება სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საკითხი შემდგომი რეაგირებისა და გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 9, 2020 10:42