სადღეისოდ, ბევრს საუბრობენ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის სავარაუდო მმართველობით სტილსა და მეთოდიკაზე, თუ რას და როგორ დაემყარება იგი საჭეთმპყრობელობისას. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია ჩემდაწილად მოკრძალებული შეხსენებისა თუ რეკომენდაციის გაჟღერება მომავალი პირველიერარქისადმი.
რაკი თანამედროვე საეკლესიო რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული და პრინციპული საკითხია თუ როგორი იქნება ეკლესიის მმართველობის ბუნება: კრებსითი და სინოდური, თუ უკიდურესად ვერტიკალური, ცენტრალიზებული და პერსონიფიცირებული, აუცილებელია რომ განვმარტოთ თუ რა გამოცდილებასა და ტრადიციას ეყრდნობა ჩვენი უძველესი სამოციქულო ეკლესია.
პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიური თვითშეგნება ისტორიულად, დოგმატურად და კანონიკურად ეფუძნება არა ერთპიროვნულ ავტორიტეტს, არამედ კრებსითობის პრინციპს, რომელიც ეკლესიის სიცოცხლის ორგანული ფორმაა.
მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის ეკლესია არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციული პირამიდა, სადაც ჭეშმარიტება მხოლოდ ზემოდან მოედინება და ქვედა იერარქია უსიტყვო მორჩილებით შემოიფარგლება. პირიქით ეკლესიის გამოცდილება, დაწყებული მოციქულთა კრებიდან გვიჩვენებს, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდებოდა საერთო მსჯელობით, ურთიერთპასუხისმგებლობითა და სულიწმინდაში თანამონაწილეობით. სწორედ ამიტომ, სინოდურობა არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული მექანიზმი; იგი ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების გამოხატულებაა.
როგორც პროტოპრესვიტერი ნიკოლაი აფანასიევი აღნიშნავს: “ეკლესიაში არ არსებობს დაყოფა მათზე, ვინც მართავს და მათზე, ვინც მხოლოდ მორჩილებს. ქრისტეს სხეულში ყველა ქარიზმატულია, რადგან ყველა ზიარებულია ერთი სულისა” (“უფლის ტრაპეზი”).
როცა ეპისკოპატი წყდება სამრევლო სხეულს და გადაიქცევა დახურულ კასტად, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, ირღვევა ეკლესიის ევქარისტიული ბუნება.
როდესაც ეკლესიაში მმართველობა მეტისმეტად ცენტრალიზებული ხდება, ჩნდება საფრთხე, რომ საეკლესიო ცხოვრება თანდათან ჩამოშორდეს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საფუძვლებს და დაემსგავსოს ძალაუფლების სეკულარულ მოდელებს. ავტორიტარიზმი ყოველთვის წარმოშობს შიშის კულტურას, ხოლო შიში ანგრევს თავისუფალ საღვთისმეტყველო აზრს, ძმურ დიალოგს და პასუხისმგებლობის განცდას. ამდენად, იქ, სადაც აღარ არსებობს თავისუფალი სინოდური მსჯელობა, ეკლესია კარგავს საკუთარ შინაგან სუნთქვას.
ავტორიტარიზმი ეკლესიაში ხშირად აკრიბიული “წესრიგის” სახელით ინიღბება ხოლმე, თუმცა ნამდვილი წესრიგი მხოლოდ კონსენსუსსა და სიყვარულშია. მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “ყოფნა, როგორც ურთიერთობა” ხაზს უსვამს მეტად საგულისხმო ფაქტორს: “ეპისკოპოსი არ არსებობს თავისთავად, არამედ მხოლოდ მიმართებაში თავის ადგილობრივ ეკლესიასთან. მისი ავტორიტეტი არ არის ინდივიდუალური პრივილეგია, არამედ კრებულის ხმის გამოხატვა”!
ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ სინოდი გადაიქცეს უმაღლეს ბიუროკრატიულ ორგანოდ, რომელიც ზემოდან უყურებს ერს, ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სულისკვეთებას.
საეკლესიო სამართლის კლასიკური ტრადიცია მკაფიოდ ადასტურებს, რომ ეპისკოპოსი, მიუხედავად მისი მაღალი ღირსებისა, არ განიხილება როგორც აბსოლუტური მონარქი. კანონიკური ცნობიერება იცნობს ურთიერთკონტროლის, თანამონაწილეობისა და კრებითი პასუხისმგებლობის პრინციპს. ამ თვალსაზრისით, სინოდი არ არის დეკორატიული ინსტიტუტი, არამედ ეკლესიის მმართველობის ფუნდამენტური ფორმა. სწორედ ამიტომ, ეკლესიის სიჯანსაღე იზომება არა ძალაუფლების კონცენტრაციის ხარისხით, არამედ კრებსითი სულის რეალური არსებობით.
დღეს განსაკუთრებით აუცილებელია იმის შეხსენება, რომ ერთობა არ ნიშნავს უნიფორმიზმს, ხოლო მორჩილება კი აზროვნების გაუქმებას. მართლმადიდებლური ტრადიცია არასოდეს აუქმებდა პიროვნულ პასუხისმგებლობას. წმინდა მამათა გამოცდილებაში სიმართლის დაცვა ხშირად სწორედ კრიტიკული სინდისისა და თავისუფალი მოწმობის მეშვეობით ხდებოდა.
ეკლესიის მომავალი ვერ აშენდება შიშზე, დუმილზე და უკონტროლო ცენტრალიზაციაზე. მისი ჭეშმარიტი ძალა სწორედ კრებსითობაში, სინოდურობაში, ურთიერთმოსმენასა და საერთო პასუხისმგებლობაშია. მხოლოდ ასეთ სივრცეში შეიძლება ეკლესია დარჩეს არა ძალაუფლების ინსტიტუტად, არამედ ქრისტეს ცოცხალ სხეულად.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ 34-ე მოციქულთა კანონი, რომელიც ავალდებულებს “პირველს”, რომ არაფერი მოიქმედოს სხვათა თანხმობის გარეშე, არაა მხოლოდ მშრალი იურიდიული ტექსტი. სინამდვილეში ეს არის ეკლესიის გადარჩენის ფორმულა.
გვახსოვდეს: ავტორიტარიზმი შობს გაუცხოებას, კორუფციას, ხიდჩატეხილ კორპორატიულობასა და ნიჰილიზმს. ხოლო კრებსითობა კი შობს პასუხისმგებლობასა და თავისუფლებას!
ჩვენი, როგორც თეოლოგების ამოცანაა, დავიცვათ ეკლესია “საერო მონარქიზმისგან” და დავაბრუნოთ იგი მის პირვანდელ, კრებსით საწყისებთან. ეკლესიის თავი არის მარადიული მღვდელმთავარი იესო ქრისტე და შესაბამისად იგი ცოცხალი ორგანიზმია და არა მკვდარი იერარქიული მექანიზმი,-წერს თეოლგი გიორგი ტიგინაშვილი.


















