შვილმოკლული დედა 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია და გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.
გარდაცვლილი მასწავლებლის დედა საგამოძიებო უწყებებს სრულყოფილი პასუხების მიწოდებას სთხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილის სასტიკ ცემაში ერთზე მეტი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.
საქმის ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რომელზეც მშობელი ყურადღებას ამახვილებს, არის 16 წლის გოგო, რომელსაც, მისი თქმით, მასწავლებელზე შეყვარებულმა აეჭვიანა. ამ მოზარდთან ერთად ჯგუფში იყვნენ სხვა არასრულწლოვნებიც, რომლებიც გიგა ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.
დედა ითხოვს, რომ გამოძიებამ საქმეში არსებული ყველა გარემოება თავიდან და ობიექტურად გადაამოწმოს.
“მკვლელობა იგეგმებოდა რამდენიმე დღე. მე მოვაწყობ ბრიფინგს და დეტალებზე ვისაუბრებ. დეტალურად გამოვიტან, რა უდევთ საქმეში და რა არ უდევთ. რატომ დამალეს? პოლიციის უფროსს ჰქონდა სურათი ჩემი შვილის, იაგო ტალახაძეს, სადაც ჩანდა ზუსტად ის დაზიანება, რისი ვიდეომტკიცებულებაც არსებობს და ამას ადასტურებს გაბაშვილი თავის ჩვენებაში, რომ მიაყენა ერთი დარტყმა მარჯვენა ლოყაზე. საქმეში არ არის ყველა დაზიანება აღწერილი, არც ფორმა 100-შ ექიმს და ნიკა ზირაქაშვილს – ექიმს, რომელმაც მიიღო ჩემი შვილი”, – ამბობს შვილმოკლული დედა.
















