“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ახალი კანონები შესაძლოა ემიგრანტებზეც გავრცელდეს, რამაც მათი აღშფოთება გამოიწვია.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, “ხალხის დადუმების მცდელობად” შეფასებულ კანონპროექტში “ქართულმა ოცნებამ” იმგვარი ნაღმები ჩადო, რომლის გააქტიურება სხვა რეპრესიული კანონებით შეეძლებათ.
უფლებადამცველებმა დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ, აღმოაჩინეს რომ შესაძლოა, კანონმა “ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. “ფარას” კანონით დაიწყოს მოქმედება. ამ კანონის პირველივე მუხლი უცხოელად თვლის საქართველოს იმ მოქალაქესაც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორია საქართველო აღარ არის.
სპეციალისტების თქმით, უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც უცხოელებად განიხილებიან და მათგან მიღებული ფულის გამო, შესაძლოა, ხალხს ე.წ. აგენტების რეესტრში მოსთხოვონ რეგისტრაცია.
სპეციალისტების მტკიცებით, თუ ემიგრანტი საკუთარი შრომით გამომუშავებულ თანხას შვილს გადმოუგზავნის, ის კი პირობითად ამ თანხის ნაწილს ტრანსპორტში დახარჯავს იმისთვის რომ საპროტესტო აქციაზე მივიდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება მშობელიც და შვილიც დამნაშავედ გამოაცხადონ და პატიმრობა მიუსაჯონ.

















