“მოგვმართეთ ცხელ ხაზზე, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის” – „ფედერალისტები“ BBC-ის გამოძიებაზე

რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს, რითაც BBC-ის გამოძიებას ეხმაურება.

„ფედერალისტები“ საერთაშორისო გამოძიებისთვის მასალების შეგროვებას აანონსებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ “სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე, ცხადია, საუბარი ზედმეტია”.

მათივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მინიმალური ანგარიშვალდებულების გრძნობა რომ ჰქონდეს საზოგადოების წინაშე და უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს, თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად.

„საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესი ბრალდება წაუყენა – ამ გამოძიების მიხედვით რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დემოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება და ქრონიკული დაავადებებისთვის წირავს.

სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე, ცხადია, საუბარი ზედმეტია. ეს რეჟიმი რომ მინიმალურ ანგარიშვალდებულებას გრძნობდეს საზოგადოების წინაშე და რაც მთავარია, ამ უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს – თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად.

ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მეირ.

რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.

იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიებას დავეხმაროთ და მომავალში დაზარალებულების მიმართ შესაბამისი ზომები გავატაროთ, გვჭირდება ინფორმაცია.

განსაკუთრებით გვჭირდება: სამედიცინო ცნობები (დიაგნოზი, ტოქსიკოლოგიური ანალიზი), ფოტო/ვიდეო მასალა დაზიანებებზე, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ (სუნთქვის გართულება, დამწვრობა, ნევროლოგიური ნიშნები) და, თუ შესაძლებელია, გამოყენებული ჭურვების ფოტოები.

მივმართავთ სამედიცინო პერსონალსაც – ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილე დუმილით. ანონიმურად მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ არადამახასიათებელი ქიმიური მოწამვლის ნიშნები.

ჩვენ ვიმუშავებთ უცხოელ ტოქსიკოლოგებთან და უფლებადამცველებთან. თუ ხართ ექიმი და გაქვთ წვდომა ლაბორატორიულ მონაცემებზე, რომელიც ადასტურებს უცნობი ქიმიური ნაერთების არსებობას პაციენტების სისხლში, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ნიმუშების გადაგზავნას ევროპის წამყვან ლაბორატორიებში.

ჩვენი მიზანია, ეს მტკიცებულებები მივაწოდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმისათვის რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და თუ ბრალდება დადასტურდა, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუმძიმდეს.

ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ მოგვმართოთ ფედერალისტების და თავისუფლების ინსტიტუტის ცხელ ხაზზე(032 2 420 737), იმისათვის, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის. ვისაც ღია არხის გამოყენება არ გსურთ, უსაფრთხო არხით დაგვიკავშირდით, ჩვენი პოვნა იოლია.

კონსულტაციებს ვიწყებთ დემოკრატიული პარტიებთან და ექსპერტებთან ძალისხმევის გასაერთიანებლად

თუ დადასტურდა ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველია და რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

banner
წინა სტატიაში“ალექსანდრე ტერორისტი არ არის და არც ტერორისტული აქტი ჰქონდა ჩაფიქრებული” – ელისაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: “საინტერესოა, რომ BBC-ზე საერთაშორისო დავას შსს კი არა, “ქართული ოცნება” იწყებს”