სახალხო დამცველი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო. ლევან იოსეიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ გამჭვირვალობას მიესალმება, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტულ კანონებში ცვლილებების შეტანით ამ მიზნის მიღწევა თავისუფლად არის შესაძლებელი.
“ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს გვაქვს ამის კარგი მაგალითები, გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ზოგადად მიმაჩნია, რომ მესმის, ის დაძაბულობა რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას და ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა, ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს”, – თქვა იოსელიანმა.