„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას ოპოზიციის მონაწილეობა სასამართლოსადმი ნდობას არ ნიშნავს. მისი თქმით, ეს არის ინსტიტუციური ბრძოლის გზა, რათა შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები მმართველი გუნდის პოლიტიკური განაჩენისთვის.
ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სიორიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური და ავტოკრატიული კურსის კულმინაციაა, რასაც ქვეყნის შიგნით და გარეთ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„პარტიების აკრძალვა არის „ქართული ოცნების“ დიქტატორული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკის გვირგვინი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანა… ამ ნაბიჯის გადადგმის გამო „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე ფასის გადახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც“, — განაცხადა სიორიძემ.
პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებას და აღნიშნა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებს ესმით, თუ რა სახიფათო პროცესში ითრევს მათ ბიძინა ივანიშვილი. ხოლო თინათინ რუხაძისა და მამუკა მდინარაძის გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალზე საუბრისას სიორიძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი კორუფციასთან ბრძოლას არ უკავშირდება და „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებასა და ინდივიდუალურ შურისძიებებს ასახავს.

















