მოძრაობა “თალიბანმა” ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა

მოძრაობა “თალიბანმა” გაავრცელა განცხადება, რომელშიც თავისი ლიდერის მოლა მანსურის გარდაცვალება დაადასტურა და მისი შემცვლელის ვინაობა დაასახელა.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ახალ ლიდერად ჰაიბატულა ახუნზადა დასახელდა, რომელიც მანსურის მოადგილე იყო და დაჯგუფებაში შარიათის წესით გასამართლებაზე იყო პასუხისმგებელი. “თალიბანის” ახალი ლიდერის მოადგილეები იქნებიან ქაბულში სისხლიანი ტერაქტების სერიის ორგანიზატორი სირაჯუდინ ჰაკანი და გასულ წელს მოკლული მოლა ომარის შვილი, მუჰამედ იაკუბი.

მოლა ახტარ მანსური “თალიბანს” სათავეში 2015 წლის ივლისში, დაჯგუფების ყოფილი ლიდერის მოლა მუჰამედ ომარის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.

მოლა მანსურის მოძრაობის ხელმძღვანელად დანიშვნას თალიბებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც მანსურის მომხრეებსა და მოლა ომარის მოკავშირე მოლა რასულის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები დაიწყო.

მოლა მანსური გასულ კვირას ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების მიერ პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბელუჯისტანის პროვინციაში განხორციელებული დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: არ დავუშვებთ მსგავსი პროვოკაციების განმეორებას
შემდეგი სტატიააუდიტორია 115 ხელისუფლებას 6 საათამდე ვადას აძლევს- პროტესტი თსუ-ში