„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭო ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ნიკოლოზ გვარამიას, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მთელს ქართულ საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ და ყურადღების გამახვილებისკენ საქმის მიმართ.

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კატეგორიულად გმობს ნიკოლოზ გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ წამოწყებულ შეთითხნილ ბრალდებებზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და პოლიტიკური მოძრაობა ამას განიხილავს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს, რომლის მიზანიც არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების, კერძოდ, ნიკოლოზ გვარამიას დევნა.

დღეს ცნობილი გახდა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარების შესახებ, რაც იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ჩვენ ამას განვიხილავთ სწორედ იმ პოლიტიკური რეპრესიების კონტექსტში, რაც უკანასკნელი თვეებია მძვინვარებს საქართველოში და გამოიხატება ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების პატიმრობებსა და ყველა ანტიოლიგარქიული პლატფორმის წინააღმდეგ შეტევაში.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მთელს ქართულ საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ და ყურადღების გამახვილებისკენ აღნიშნული საქმის მიმართ.

სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკოლოზ გვარამიას და ვთვლით, რომ მისი უფლებებისთვის ბრძოლა სცილდება მხოლოდ ერთი მოქალაქის ინტერესების დაცვის მასშტაბებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ხვალ 11:00 საათზე დაიკითხება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ვენდეტა – ფადი ასლი ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაან ვამარცხებთ დიქტატურას ან ვრჩებით დიქტატურის მსხვერპლებად – ნიკა გვარამია