მოძრაობა 20/30 იანელების პერფორმანსი – “ბიძინას გზა – სოლომონის მემკვიდრეობა”

მოძრაობა 20/30 იანელების პერფორმანსი – “ბიძინას გზა – სოლომონის მემკვიდრეობა” , თბილისში, ვაკის პარკში დასრულდა. მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელიც პროფესიონალი მორბენალია, სიმბოლურად, სირბილით გაიარა ბიძინა ივანიშვილის გზა, მისი მშობლიური სოფლიდან, ჭორვილიდან თბილისამდე. მოძრაობის წევრები ამბობენ, ივანიშვილის მოღვაწეობა ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პერფორმანსის გამოხატეს თავიანთი სიყვარული და პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ.

როგორ პერფორმანსის მთავარი მოქმედი პირი, მორბენალი გიორგი ნადარაია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი იმერეთის დიდი მეფის, სოლომონ I-ის მემკვიდრეობის გამგრძელებელია და სიმბოლურია, რომ ამ მარათონის დასასრული 14 დეკემბერს დაემთხვა, დღეს, როცა ხრესილის ბრძოლაში, სოლომონ დიდმა ოსმალები დაამარცხა, 20/30 იანელების თქმით, როგორც მეფე სოლომონს ჰყავდა მოღალატეები ქვეყნის შიგნით, ასევეა ბიძინა ივანიშვილიც და მრავლად ჰყავს ასეთი ხალხი, ხუნდაძე-ბერაიების სახით, თუმცა იმერეთის დიდმა მეფემ , ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო მტრის დამარცხება და ბიძინაც, როგორც მისი მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი, ასევე გაიმარჯვებს ყველა მტერსა და მოღალატეზე.

“ძალიან მიხარია და ამაყი ვარ,რომ შევძელი და მივაღწიე ამ ურთულეს მიზანს, როგორც გუშინ აღვნიშნე ამ ქმედებით მე ბატონ ბიძინას დავუმტკიცე ჩემი ერთგულება და სიყვარული, ჩემი გარბენი სიმბოლურად გამოხატავდა ბიძინას გზას სოლომონის მემკვიდრეობაზე.მე გავიარე გზა რომლის განმავლობაში ბატონი ბიძინა პიროვნებად ჩამოყალიბდა,მე მოვინახულე ის ადგილები სადაც ბატონმა ბიძინამ პირველად ითამაშა კარტი,სადაც იჯდა ბირჟაზე მეგობრებთან ერთად,სადაც თამაშობდა ფეხბურთს,ასევე მოვილოცე ის ტაძარი სადაც იგი პირველად ეზიარა და ლოცულობდა ერისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.
ასევე მინდა გამოვეხმაურო დღეს დაგეგმილ “ქართული ოცნების” ღონისძიებას და ვუწოდო მას სამარცხვინო და მოღალატეობრივი, ჩვენ 20/30 იანელებს გვგონია, რომ ეს დემონსტრაცია,ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად, მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ეს დაგეგმა – როგორ ბედავთ? ვინ მოგცათ ბატონი ბიძინას სახელის შებღალვის უფლება?!.. ზუსტად ამ დღეს 14 დეკემბერს, 262 წლის წინ, ბიძინას დიდმა წინაპარმა სოლომონ I-მა, იმერეთის მეფემ დაამარცხა და აოტნა ოსმალონი. იმ რთულ დროს მას გამოუჩნდა მოღალატე,აბაშიძე,რომელიც ოსმალების ჯარს გაუძღვა წინ.ისტორია მეორდება და დღეს ბატონი ბიძინაც აღმოჩნდა მსგავსი ღალატის წინაშე.
მაგრამ სიმართლეს და გულწრფელობას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც სოლომონმა დაამარცხა მტერი, მიუხედავად ყველაფრისა, ასევე ბატონი ბიძინაც, ყველა ასეთი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა.”

ამბობს 20/30 იანელების აქტივისტი გიორგი ნადარაია. მან ეს განცხადება ვაკის პარკში, ჯარისკაცის დედის ცნობილ ქანდაკებასთან გააკეთა.

20/30 იანელები ემიჯნებიან დღეს დაგეგმილ “ქართული ოცნების” დემონსტრაციას და მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციისთვის კეთდება.

შეგახსენებთ, რომ “ბიძინას გზა- სოლომონის მემკვიდრეობა” დაიწყო ჭორვილაში, მორბენალმა გორში შეისვენა , დღეს დილას კი, უკვე თბილისში დაასრულა მარათონი.

banner
წინა სტატიაში20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება