„მობრძანდებიან, თავს იქებენ, ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, წაბრძანდებიან და „ოცნების“ გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ“ – ნატო ჩხეიძე

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე წინა კვირას პარლამენტში გამართულ ე.წ. მინისტრების საათებს და ასევე, პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას სოციალური ქსელით ეხმაურება:

„პრემიერ- მინისტრი მოდისო, ორი დღეა ხმა დაირხა პარლამენტში. ინტერპელაციის ფარგლებშიო. 

ეს „ინტერპელაცია“ საიმიჯოდ ჩაიწერა, თორემ ისე, ქართულ-ხალხურად კითხვა-პასუხი ჰქვია.

წინა დღეს, 5-საათიანი ინფრასტრუქტურის მინისტრის საათი იყო, 
იმის წინ – 8-საათიანი იუსტიციის მინისტრის საათი და ახლა პრემიერს სრული კომფორტი შეუქმნეს, 
სულ საათნახევარი გამოყვეს.

რეგლამენტში ასე წერიაო და ეს რეგლამენტი თქვენ მიიღეთო, დასტურს აძალებდა პარლამენტის თავ- რე ოპოზიციას.

დამოუკიდებელ დეპუტატს დებატისთვის 2 წუთი უწყალობეს, ისიც 8-დან მხოლოდ ერთს.

საპარლამენტო რესპუბლიკაა, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში მინისტრები ანგარიშს აბარებენ პარლამენტს, 
დემოკრატიული დახვეწილი სისტემაა შექმნილი და უფლებებიც, დახე, რამხელაა, მთელი 2 წუთი, იგივე 120 წამი, იგივე 1200 სეკუნდი.

ეს ათასობით სეკუნდი თავზესაყრელად გეყოფა, თუ რამე გაქვს სათქმელი.

და ამ უშველებელ დროში რაც მოვასწარი, ეს არის:

მოგესალმებით,

ჩემი ისედაც მწირი დრო, მინდა, დავიწყო პროტესტით, რომ იმ ჩამორიგებული ფურცლებით და იმ რეგლამენტით, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, მაქსიმალურად შეზღუდულია და არავის აინტერესებს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრი, დამოუკიდებელი აზრი და, საერთოდ, იგნორირებულია ოპოზიციი აზრი.

„ის მიღწევა, რომ მინისტრები და პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტში და რომ ეს არის დემოკრატიის მიღწევა, ეს მიღწევა შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ პრემიერს თუ მინისტრებს პარლამენტის კედლებში ვხედავთ. ეს არის და ეს.

მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, მერე წაბრძანდებიან და „ოცნების“ გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მაქსიმალურად იგნორირებულია ოპოზიციის აზრი და არაფრად მიაჩნიათ, რომ არამცთუ გაითვალისწინონ რამე, არამედ, მოუსმინონ მაინც ოპოზიციას.

ოპოზიციის კონკრეტულ შეკითხვებზე იძლევიან მხოლოდ მოიარებით პასუხებს და მეტს არაფერს და გამოდის, რომ ეს სამი დღე, რაც ჩვენ აქ ვართ და ვუსმენთ მინისტრებს: მინისტრის საათი, ინტერპელაციის დრო და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წყლის ნაყვა.

დიახ, დიდი როდინი გვიჭირავს ხელში, დიდი ფილთაქვა და წყალს ვნაყავთ, რადგან შედეგი ამ კითხვა- პასუხით და შედეგი ამ სჯა-ბაასით, ვითომ რომ სჯა-ბაასია აქ პარლამენტში, ქვეყანას არაფერი არგია და არ არგია იმიტომ, რომ არის გამუდმებით, გამუდმებით შეხსენება იმისა, რომ ძველები არ ვარგოდნენ.

და მერე თქვენი რა ხეირი, „ოცნებელო“ კოლეგებო და მთავრობავ, თუკი ძველები არ ვარგოდნენ, თქვენი განსაკუთრებულება ამით სულაც არ განისაზღვრება.

დავასრულო? – არ ვიცი, ეტყობა სპრინტია, ან რაღაც კონკურსში ვმონაწილეობთ, რომ ძალიან მოკლედ უნდა ვთქვათ სათქმელი.

ჯერჯერობით სულ ეს არის. მეტის საშუალება არ მაქვს. 
სხვა დროს სხვა იყოს.“

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის „ზაბროშკიდან“ სანდრას „საქართველომდე“
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: “ისლამურ სახელმწიფოზე” გამარჯვება კოალიციის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა