მნიშვნელოვანია, ტუსკმა გადასცეს ივანიშვილს გზავნილი, თუ რა შედეგები მოჰყვება ოპოზიციის დევნას – ოპოზიცია ტუსკს შეხვდა

ოპოზიცის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების შეხვედრა დონალდ ტუსკთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ჩიხში შეიყვანოს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ტუსკმა მიმართოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და უთხრას, თუ რა შედეგები მოჰყვება ოპონენტების დევნას.

„ჩვენი გზავნილი ჩვენი მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ დონალდ ტუსკს პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და იმ გამოწვევებზე ესაუბრნენ, რაც შესაძლოა, შემდეგ არჩევნებზე დაინერგოს, გარდა ამისა, ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ძალადობასა და დაშინებაზე. ოპოზიციის განცხადებით, ყველა ამ საკითხზე დონალდ ტუსკი ინფორმაციას ფლობს.

„ვისაუბრე პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების წინ, რაც უკვე ვიცით, როგორიც არის ძალადობა, მათ შორის ოპოზიციაზე, როგორც არის პროდასავლური ოპოზიციის დემონიზება, როგორიც არის ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველა ამ თემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ტუსკი ინფორმაციას ფლობს, ჩვენგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ მან იცის, რომ ეს არის საქართველოში პრობლემა და გამოწვევა,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის სხდომაზე ია კერზაიას საქმის გამოძიებას რომ არ მიეცით ხმა, ეს რომელ კოლონას მივაწეროთ? – შენგელია ზოიძეს