,,მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებაში აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს”

რუსეთთან შესაძლებელია ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსისა, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ Huffington Post-თან ინტერვიუში შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, პაატა ბურჭულაძემ ამერიკულ გამოცემას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებით რუსეთის შესაძლო დაინტერესებაზე ესაუბრა. როგორც ბურჭულაძე აცხადებს, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარებაში და ქვეყნის პროდასავლური კურსის ურყევობაში აშშ-ს დიდი როლი ეკისრება. ”პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდის” ინფორმაციით, ბურჭულაძე წუხს, რომ სწორედ ინფორმაციის ნაკლებობისა და ქართული მხარის პასიურობის გამო აშშ ვერ მიაქცევს საკმარის ყურადღებას მის სამშობლოს კრიტიკულ მომენტში.

“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი მთავრობა. უახლოესი მომავლისთვის, ყველა მუსიკალური კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, საოპერო ბანი ახლა უკვე ახალი გუნდის სახეა, რომელიც „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელითაა ცნობილი.“ – ნათქვამია წერილში.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, სტატიის ავტორის თქმით, ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სეზონი ახალ პოლიტიკურ თამაშში ჩართავს საქართველოს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს. ბურჭულაძეს სურს, რომ ამერიკამ ყურადღება გაამახვილოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელიც ვაშინგტონის „სტრატეგიულ პარტნიორი“ და პრო-დასავლური განწყობისა და დემოკრატიული პოლიტიკის ბასტიონია რეგიონში.

„რუსეთთან შესაძლებელია ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსისა. ჩვენს არ გვსურს დაპირისპირება რუსეთთან და მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებაში აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს” – განაცხადა ბურჭულაძემ Huffington Post-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

სტატიის ავტორი აშშ-ში ფონდის ოფისების გახსნაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბურჭულაძის აქტიურობა შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის საქართველოსადმი ყურადღებისა და ინტერესის გაზრდას ემსახურება.

„დედაქალაქში ნოემბერში დაფუძნებული ”საქართველოს განვითარების ფონდი”, რომელსაც რეგიონული წარმომადგენლობები აქვს ქვეყნის მასშტაბით, ამერიკული მხარის მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევს. ფონდის ოფისები გაიხსნა ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესშიც, რომლის მიზანია გამონახოს გზები საქართველოსთვის ამერიკული ინვესტიციებისა და დემოკრატიული მხარდაჭერის მოსაზიდად” – აცხადებს ჟურნალისტი.

ფონდის ინფორმაციით, კითხვაზე თუ რატომ გაჩნდა სწრაფი მოქმედების აუცილებლობა, ბურჭულაძე პასუხობს – „რუსეთის ზეწოლა ძალიან დიდია და ჩვენი მთავრობა შიშობს გადადგას შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩემი აზრით არასწორია“.

Huffington Post-ი პაატა ბურჭულაძის სამომავლო გეგმებზე და მის შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზეც წერს და აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ სულ რამდენიმე კვირაში მან ოფიციალურად განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

აღნიშნულ ინფორმაციას “საქართველოს განვითარების ფონდი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტიების დაცვისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს
შემდეგი სტატიაEBRD-ის დაფინანსებით თბილისი 60 ავტობუსს აგვისტოში მიიღებს