,,მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ნაძვის ხის ღონისძიება ტარდება ზუგდიდში, რადგან ჩვენთვის რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია “

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ნაძვის ხის ღონისძიება ტარდება დღეს ზუგდიდში და არა თბილისში, რადგან ჩვენთვის რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში პრეზიდენტის ნაძვის ხის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ღონისძიება გიგა ოთხოზორიას შვილებთან და 11 შვილის დედასთან ერთად მივიდა.

„დღევანდელი დღე ბავშვების დღეა, ეს არის ძალიან მხიარული დღე შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ და ამიტომ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად. დღეს გადავეცით სამოქალაქო თავდადების მედალი სახსოვრად იმისა, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები, თავიანთი თავდადება და ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილების წუთიერი დუმილი სთხოვა გიგა ოთხოზორიას ხსოვნის საპატივცემულოდ.

„დღეს ასევე ვიყავი ენგურის ხიდზე. როდესაც ზუგდიდში ვარ, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ხიდის იქით არიან ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ დღეს ვართ გაყოფილნი, მაგრამ ვართ ერთად. ამ დღესასწაულებზე უნდა ვიფიქროთ, რომ როგორ გავერთიანდეთ, როგორ შევრიგდეთ, ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი, საიდან თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს დღევანდელი ხვალინდელი დღესასწაული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაძვის ხე დღესასწაული ტარდება დღეს, აქ ზუგდიდში და არა თბილისში, რადგან ჩვენთვის რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასაარჩევნო პერიოდის დროს სწორედ რეგიონების სიძლიერეზე ვამახვილებდი ყურადღებას. ძლიერი რეგიონები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძლიერი იყო, როცა მისი რეგიონები ძლიერი იყო და ამ რეგიონების სიძლიერეზე იდგა საქართველო. ამის ნიშნად გადავწყვიტე, რომ ზუგდიდიდან დავიწყო ჩემი გასვლები რეგიონში. ბედნიერი ვარ, რომ ეს იწყება მომავალი თაობით ზუგდიდიდან და ეს არის ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ბედნიერი მომავლის. აქ არ არის ადგილი გრძელი სიტყვების, მაგრამ არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ, რომ ეს ქვეყანა გამთლიანდეს და იყოს ძლიერი გაბრწყინებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა