,,მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ კანდიდატურას აფილირება არ ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან”

მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული კანდიდატურა იყოს პრინციპული და მას აფილირება არ ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ წუთებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორთან კონსულტაციებს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მართავს. პავლიაშვილის თქმით, საიას არ ჰყავს კონკრეტული კანდიდატურა შერჩეული, ვინაიდან პროცესი ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა.

“იმდენად ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა პროცესი, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვყავს კონკრეტული კანდიდატი, რომელზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კანდიდატურებზე ფიქრობს აქცენტის შეჩერებას და რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული კანდიდატურა იყოს პრინციპული და მას აფილირება არ ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ვინაიდან როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზეა საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს. შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს ამ მოცემულობიდან გამომდინარე წარვადგენთ. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ჩვენ ამ პროცესს შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, ასევე გარკვეული გამოწვევებიც. ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ რომელი კანდიდატურების წარდგენა მოხდება და შესაბამისად, ვიმსჯელებთ ერთიანობაში”, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ​ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის თემაზე არასამთავრობოებს ხვდება
შემდეგი სტატიაბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა