მნიშვნელოვანია, პარლამენტზე შეცდომაში შემყვანი განცხადებებით ხალხის ნდობა არ დავაზიანოთ – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილი წერს, რომ მნიშვნელოვანია, რომ “პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას”.

“მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს. სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას”, – წერს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკენჭისყრის შედეგად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი, რიში სუნაკი და ლიზ ტრასი დარჩნენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ