მნიშვნელოვანია, ამ ერთხელ მაინც, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ შეყვანილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეაგირებას მოახდენს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველას ინტერესშია, დადგინდეს, რა მოხდა რეალურად.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი თანამოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელობის ფაქტს. ირაკლი კვარაცხელიას საქმეს, რომელიც, როგორც ვიცით, გარდაიცვალა. მოკლეს, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გალში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორი რეაგირება იქნება ამაზე ხელისუფლების მხრიდან. ყველას ინტერესშია, დადგინდეს სიმართლე, რომ ვერსია, რომელსაც ოკუპანტები ავრცელებენ, თითქოს, ამ ადამიანმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა, იყოს შემოწმებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ჩვენს მხარეს გამოძიება. ოღონდ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და არა ისე, როგორც ჩვევია დღევანდელ ხელისუფლებას, როდესაც წლების განმავლობაში ხდება საქმეების თაროზე შემოდება. მნიშვნელოვანი არის, გამოძიება ჩატარდეს იმ მიზნით, რომ დადგინდეს არა მარტო კონკრეტულად ვის გამოისობით იქნა ირაკლი კვარაცხელია მოკლული, ასევე დადგინდეს, ვინ უშლის ხელს გამოძიებას“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შეყვანა, რადგან მასში რუსეთის არც ერთი მოქალაქე არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, ამ ერთხელ მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იქნან შეყვანილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“. აქამდე, ერთ წელია, სია არსებობს და რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე, „ეფესბეს“ არც ერთი წევრი, საოკუპაციო ძალების არც ერთი ოფიცერი, რომელიც იმყოფება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ ყოფილა შეყვანილი ამ სიაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იქნებიან იდენტიფიცირებული და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მთავარი არსი იქნება შესრულებული.

ამასთან, მისი თქმით, კარგი იქნება, მთავრობის შესაბამისმა წარმომადგენელმა პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში, როგორც ხდება„ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ფორმირება და მასში ახალი ადამიანების შეყვანა.

„კარგი იქნება, თუ უახლოეს მომავალში მთავრობის წარმომადგენელი მოვა პარლამენტში და ანგარიშს ჩააბარებს საკანონმდებლო ორგანოს, როგორ ხდება პარლამენტის დადგენილებით მიღებული ამ სიის ფორმირება, მასში ახალი ადამიანების შეყვანა და ზოგადად, რა ნაბიჯები იდგმება, რომ სია იქნეს გაზიარებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ“, – განაცხადა დეპუტატმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის ოლქში – “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება
შემდეგი სტატიამოისწრაფიშვილი : სესილია მალმსტრომმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, აუცილებელია ექსპორტის ახალი სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის საქართველოსთან