ზუგდიდში მმართველი პარტია დომენტი იგივე ზვიად სიჭინავას კანდიდატურას წარადგენს?

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წყალობით, “ქართულ ოცნებას” ზუგდიდში მერობის კანდიდატი აღარ ჰყავს. არადა თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ მერის რიგგარეშე არჩევნებზე მმართველი პარტია ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას წარადგენდა.
ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაპარტიელი ამ შეთავაზებას დათანხმდა, მაგრამ, როგორც “ახალ თაობას” სარწმუნო წყარომ ამცნო, ჩიქოვანს მერობა გიორგი გახარიამ გადააფიქრებინა, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დაემშვიდობება შს მინისტრის პოსტს და პრემიერის სკამზე გადაჯდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გახარია ჩიქოვანს პირისპირ შეხვდა და მომავალზე ესაუბრა. შს მინისტრმა ალასანიას ყოფილ თანამებრძოლს აღამასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა და მინისტრის სავარძლის დაკავება შესთავაზა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ გახარიას შეთავაზებას ჩიქოვანი დათანხმდა. მან მომავალ პრემიერს ის თანამდებობაც დაუსახელა, რომლის დაკავებაც სურდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ალასანიას ყოფილმა თანაპარტიელმა პრემიერობისთვის განწირულს უთხრა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობა სურდა, რაზეც გახარიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
როგორც ირკვევა, ამ თანამდებობაზე კადრი უკვე შერჩეულია და ის დავით ბაქრაძე იქნება. დავით ბაქრაძე საგარეო საქმეთა მინისტრად ადრეც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ამ პოსტზე რატომღაც დავით ზალკალიანი შეარჩიეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით ბაქრაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს. ბაქრაძეს ამერიკელებთან კარგი კავშირები აქვს. “ოცნების” ლიდერს აშშ-ს გულის მოგება ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ის, ეტყობა, გახარიას თვალში მაღალი ნდობით სარგებლობს, რადგან მას შს მინისტრის პოსტი შესთავაზა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ამ შეთავაზებას დათანხმდა. და თუ გახარია მთავრობის მეთაური გახდა, ჩიქოვანი ქვეყნის მთავარ პოლიციელად მოგვევლინება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე შს მინისტრის პოსტზე ალეკო ტაბატაძის და კახა საბანაძის კანდიდატურები განიხილებოდა. საბანაძე შს მინისტრის მოადგილეა, ტაბატაძე – სუსის უფროსის.
როგორც ამბობენ, შს მინისტრის პოსტის დაკავება კობა ნარჩემაშვილსაც სურს. მას 2001-2003 წლებში ეს პოსტი უკვე ეკავა.
მას შემდეგ, რაც ჩიქოვანი შს მინისტრობას დათანხმდა, “ოცნება” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ძებნას შეუდგა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ შესაძლოა, დომენტი იგივე ზვიად სიჭინავას კანდიდატურა წარადგინოს. ამ უკანასკნელმა უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. თავიდან ის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე მოაიზრებოდა, ახლა კი “ოცნება” მას ისე უყურებს, როგორც საკუთარ კანდიდატს.
სიჭინავას თავისი ფულიც აქვს და ზუგდიდში ავტორიტეტითაც სარგებლობს. ამის მიუხედავად, მისი კანდიდატურის დასახელებას შესაძლოა სკანდალები მოჰყვეს.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ წლების წინ ის ნაციონალების და მიხეილ სააკაშვილის წყალობით გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ამ ცოდვის “გაპრავებას” მეოცნებენი იოლად შეძლებენ, სადაც ლევან მურუსიძე შერაცხეს ქართული თემიდის მამად, იქ შეიძლება სიჭინავა მიშელ პლატინიდ და კარლ ჰაინც რუმენიგედ წარმოაჩინონ.
ნაციონალებთან მის კავშირს აუცილებლად გაამართლებენ, მაგრამ მის მიერ აფხაზეთში დალეულ სადღეგრძელოს ვერაფრით გაამართლებენ.
რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, სიჭინავა აფხაზეთში ჩავიდა ვიტალი დარასელიას საფლავის მოსანახულებლად. დარასელია ოჩამჩირეშია დაკრძალული.
ოჩამჩირიდან სიჭინავა სოხუმში ჩავიდა, სადაც სუფრა გაუშალეს. ამ სუფრაზე მან აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე ადღეგრძელა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენჯერმე გამოქვეყნდა.
ამ ცოდვების გამო “ოცნებას” შესაძლოა ახალი კანდიდატის ძებნდა დასჭირდეს. აფხაზების მდღეგრძელებლის გარდა, მერის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი შენგელიას, კანდიდატურაც განიხილება.
მმართველ პარტიას მერობის კანდიდატი ჯერ არ ჰყავს შერჩეული, სამაგიეროდ, ცნობილია, თუ ვინ იქნება საარჩევნო შტაბის უფროსი.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს ცნობით, საარჩევნო შტაბს პოლიციის პოლკოვნიკი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ვიცე-გუბერნატორი ირაკლი ჯიქია უხელმძღვანელებს.
მანამდე მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიასოსო ცინცაძე – “მამუკა ხაზარაძე იბრძოლებს, მაგრამ ბარიკადებზე არ ავა”