მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება-სანდრა რულოვსს ზვიად სიჭინავა დაუპირსპირდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მის კანდიდატურას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” წარადგენეს. 

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში ჩაერთვებოდა, მაგრამ 2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელ კანდიდატად არ დარეგისტრირდებოდა.

“მე მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. 2017 წელს ვიყარე კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად ვარ, განვიხილო ყველა ვარიანტი, ოღონდ იმ ხალხთან, რომლებიც ზუგდიდს განიხილავენ არა როგორც პოლიტიკურ მოედანს, არამედ ზრუნავენ ქალაქზე და ფიქრობენ მის განვითარებაზე”,-აცხადებს ზვიად სიჭინავა.

სიჭინავას განცხადებით, პირობითად, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „გავხადოთ ზუგდიდი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქი”.

ზვიად (დომენტი) სიჭინავას “ნაციონალები'”აუცილებლად წამოაძახებენ ნაციონალურ წარსულს. არავისთვის უცხო არ არის, რომ წლების წინ ის მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა რუსეთიდან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დასვა.  სიჭინავა “თაიმერის” ზარებს არ პასუხობს. იგი სააგენტოზე დღემდე გაბრაზებულია , რადგან  სწორედ “თაიმერი” იყო პირველი სააგენტო, რომელმაც გაავრცელა ახლაგაზრდა აფხაზი გოგონას ვიდეო ,რომლის მიხედვით, ზვიად სიჭინავა აფხაზეთის, როგორც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს.

“თაიმერის ” ექსკლუზიური ინფორმაციით, “გაერთიანებული ოპოზიცია” ზუგდიდის მერობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეს სანდრა რულოვს დაასახელებს. გადაწყვეტილება მიღებულია. წყაროს ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები პრაქტიკულად, დავასრულეთ. ზუგდიდის ოლქში უკვე ჩამოყალიბებული ვართ, რომ ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყრის კენჭს და ჩვენ მას კანდიდატს არ დავუყენებთ, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ზუგდიდის ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმაიორკაზე მთვრალ ტურისტებს დააჯარიმებენ
შემდეგი სტატიაეს არის პერსონალიების კრიტიკა, არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები – წულუკიანი მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე საუბრობს