მმართველი ხროვა გადაქცეულია კრიმინალურ დაჯგუფებად – შალვა ნათელაშვილი მაღალჩინოსნების ხელფასებსა და პრემიებზე საუბრობს

ხალხის ხარჯზე გამდიდრებული „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები – საჯარო მოხელეების კოლოსალური ხელფასების და პრემიების შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, არასაპარლამენტო ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზის სწორედ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს უკავშირებენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მმართველი გუნდის წევრებს კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანას გარე მტრებზე მეტად, ხელისუფლებად მოვლენილი შიდა მტრები აზიანებენ.

„ საუბედუროდ, ჩვენი სამშობლო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ჩვილი ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან, სადაც ბავშვები გაეროს სტატისტიკით შიმშილობის კუთხით პირველ ადგილზე არიან და ამ დროს კატასტროფულად იზრდება ჩინოვნიკთა შენახვის ხარჯები. ჩვენ პრაქტიკულად ვართ განსაცდელში მიტოვებულნი, ხოლო მმართველი ხროვა გადაქცეულია კრიმინალურ დაჯგუფებად, რომელიც მზადაა საკუთარი ბედნიერ ცხოვრებისათვის ხალხს სული ამოართვას. ამიტომ, აქ უკვე პოლიტიკური საკითხიც აღარ დგას. ქვეყნის, ხალხის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა გვიდგას არა გარედან შემოსული მტრისგან იმდენად, რამდენადაც შიგნით არსებული ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმზე,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული ხელისუფლება საკუთარი კეთილდღეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების ნაცვლად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას უნდა ცდილობდეს.

„ ნორმალური საღი აზრის მქონე და ყაირათიანი მთავრობა უნდა ამცირებდეს თავის ბიუროკრატიულ ხარჯებს. ამის ნაცვლად, ვღებულობთ იმას, რომ ეს ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება და ამას უბრალოდ კომენტარი არ სჭირდება. ხალხის გაღატაკების და გაუბედურების ხარჯზე საჯარო მოხელეები და ბიუროკრატები თავიანთ კომფორტს ზრდიან,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

საქართველოს მთავრობამ ახალი რეკორდი მოხსნა. წელს საჯარო მოხელეების შენახვა ხალხს ყველაზე ძვირი დაუჯდა. დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. გრაფიკულ მონაცემებში ჩანს, რომ 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ – კახიძე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – დარწმუნებული ვარ, სასამართლოში პაექრობა გაცილებით უფრო სხვანაირი იქნება, ვიდრე ნიკა გვარამიას პროკურორობის პერიოდში იყო