მმართველი გუნდი უვადო პატიმრობამისჯილ პირებთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდებაზე იმსჯელებს

მმართველი გუნდი პატრიარქის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც უვადო პატიმრობის წესის გადახედვას შეეხება, მსჯელობას გეგმავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლება უკვე მუშაობს ისეთ ცვლილებებზე, რომელი უვადო პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ეხება.

“ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია პატრიარქის, საქართველოს სულიერი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის განცხადება. ვფიქრობ, ეს ძალიან საყურადღებო თემაა, რამდენადაც კარგად ვიცნობ სამუდამო პატიმრობამისჯილთა მდგომარეობას, მათ სამართლოებრივ სტატუსს, ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია შეხვედრა და საუბარი. ვფიქრობ რომ საჭიროა ამ წინადადების განხილვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამუდამო პატიმრობის დროს სასჯელი კარგავს თავის აზრს, თუ მსჯავრდებულს არ მიეცემა შესაძლებლობა, ცხოვრების რაღაცა ეტაპზე მაინც მოიპოვოს თავისუფლება.

“მოიპოვოს თავისუფლება იმისთვის, რომ დაამტკიცოს – ამ სასჯელმა თავის მიზანს მიაღწია თუ არა, ანუ ადამიანი გამოსწორდა თუ არა. ჩვენ შევამცირეთ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების განხილვის შესაძლებლობა 5 წლით, ანუ უვადოდ მისჯილი თუ მოიხდის 15 წელს, მას შეუძლია მიმართოს ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის გადასაწტყვეტად შესაბამის ორგანოს”, – დასძინა ბესელიამ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მუშაობს ცვლილებებზე, რომელიც ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს ეხება და რომლითაც დღეს მოქმედი კომისია სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოექცევა.

“სწორედ ეს კომისია იღებს დღეს პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მათ შორის უვადოდ მისჯილ პატიმრებთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.

როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში და უვადო არის მხოლოდ ღმერთი.

“ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი. ესა თუ ის პატიმარი, თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას, შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა”, – ბრძანა პატრიარმა.

banner
წინა სტატიაშიკობი-ჯვრის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაიტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია