მმართველი გუნდი ელჩებს მოუწოდებს, საჯაროდ ნათელი მოჰფინონ 8 მარტის შეთანხმებას

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გააფორმეს.

“უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება. “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.

სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით. “ნაციონალური მოძრაობა”, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები, შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ მმართველმა პაარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული სამი პირი.

აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან სამი დღით ადრე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ბატონებმა უგულავამ და რურუამ განაცხადეს, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება მმართველ გუნდს არ დაუდია.

მისი შეფასებით, აღნიშნული თემით ოპოზიცია აღნიშნული თემით სპეკულირებს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, მთლიანი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია იმ ვითარების სარგებლობს, რომ შეთანხმება საჯარო სივრცეში არ შემდგარა.

“ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი როლი შეასრულეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევის გამო. ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ყველა დოკუმენტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია