12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ (გური) დადიანიძის საქმეზე მისი მეგობარი ანი გელაშვილი დუმილს არღვევს. „დღის ამბებთან“ ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ სჯერა, დაკარგული მოზარდი ცოცხალია და საზოგადოებასა და საპატრიარქოს მიმართავს.
გელაშვილი, რომელიც საქმეზე გამოკითხულ 20-მდე პირს შორის ერთ-ერთია, გამოეხმაურა უფლებადამცველ ტარიელ კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ისმის ფრაზა: „კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები“. დაკარგულის დედა, სოფიო ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
გელაშვილის თქმით, ვიდეოში არსებული ხმა გურიკას არ შეესაბამება. იგი მიიჩნევს, რომ ტრავმირებულ დედას შვილის ხმა უბრალოდ მიემსგავსა და აუცილებელია ხმის ექსპერტიზის ჩატარება.
„ჩემი გონება ვერ დაუშვებს იმას, რომ ის გარდაცვლილია, რადგან გარდაცვლილი არ მინახავს. ვფიქრობ, სად შეიძლება იყოს… ვინ იცის, იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს“, — აცხადებს გელაშვილი.
გელაშვილი საპატრიარქოს სთხოვს, აცნობონ დედას, ხომ არ უნახავთ გური რომელიმე ეპარქიაში ან მონასტერში.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს, სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიიდან გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი გარემოებების ფონზე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით ლომისას მთაზე სამძებრო სამუშაოებს თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ.














