21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მკვლელობისთვის მსჯავრდებულის დედა პროკურატურასთან აქციას მართავს, პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

ქუთაისში 2014 წელს მომხდარი ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ტყუპი ძმების, გოგა და გაგა სოფრომაძეების ოჯახი პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

12 წლის წინ სასამართლომ ძმებს 20-20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მათთან ერთად დაკავებულ ნოდარ თოდაძეს კი — 10 წელი. ამ დროისთვის, მკვლელობის ხელშეწყობაში ბრალდებულ გოგა სოფრომაძეს 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვებული აქვს, ხოლო მისმა ტყუპისცალმა, გაგა სოფრომაძემ საკანში მშრალი შიმშილობა დაიწყო.

ტვ პირველის ცნობით, მსჯავრდებულის დედა ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას და არა განზრახ მკვლელობას:

„ჩხუბი მოუვიდათ ტაქსის მძღოლსა და ჩემს შვილს, იმ კაცმა დანა დაარტყა და დაჭრა ჩემი შვილი. როგორც სასამართლოზე მოჰყვა – დანა წავართვიო, შემდეგ საბარგულში ეძებდა რაღაცას და შეიძლება, იარაღი ყოფილიყო და წიხლი ამოვარტყიო. ჩხუბი რომ დავიწყეთ, ქვას ედძებდა, გავექანე და გულში დავარტყი წიხლი და გადავარდაო დაეცა ქვაზე და გარდაიცვალაო“.

ქალი აცხადებს, რომ მაშინ პოლიციელებმა სამხილები დამალეს, საქმის ფალსიფიცირებაში კი კონკრეტულმა პირებმა 50 000 ამერიკული დოლარი აიღეს.

აქციაზე იმყოფებოდა თავად ნოდარ თოდაძეც, რომელიც ასევე ამბობს, რომ პოლიციამ „სისხლიანი მიწა ამოჭრა და გააქრო“, თავად მათზე კი მუქარა და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა: „სააპელაციო სასამართლოში გვცემეს – 15-20 წუთის განმავლობაში გვცემდნენ, რომ არჩადენილი დანაშაული გვეღიარებინა“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის უმსხვილეს, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში დაადასტურა
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა