საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს, გორში, ნ.ვ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გამო, მის მეგობრებთან ერთად ვ.ა.-ს სახლთან მივიდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ნ.ვ.-ს თანმხლები პირი დაიჭრა. მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა, ასევე ბრალდებულმა თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მან თბილისიდან გორში გადაზიდა.


















