მკვლელობა ვარკეთილში – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს” ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში(video) გოგი წულაია სასამართლოში ჩალით მივიდა
შემდეგი სტატიაშტორმი ბათუმში – საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს