ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაქრაძეს ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.