ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში, უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული უკრაინულ ენაზე მიულოცა. ნაუსედა უკრაინის დედაქალაქში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად იმყოფება.
ლიეტუვის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის ურყევ გამბედაობასა და ბრძოლის ჟინს, რომელმაც მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული მსოფლიოზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან მხოლოდ თქვენი გამარჯვება მოუტანს მშვიდობასა და სიმშვიდეს მთელ ევროპას. ამიტომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გავაძლიერებთ ზეწოლას აგრესორ სახელმწიფოზე. როდესაც ეს საშინელი ომი დასრულდება, ლიეტუვა თქვენთან იქნება — დაგეხმარებით დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანებაში“, — განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, იამაყონ საკუთარი ქვეყნითა და ერთმანეთის შეუპოვრობით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე ევროპა უკრაინასთან ერთად აღნიშნავს სიბნელეზე საბოლოო გამარჯვებას.
















