მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება

მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სამართლებრივი მიზეზი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს ერთკვირიანი ვადა მთავრობის შემადგენლობის დასახელებისათვის.

“ერთი კვირის განმავლობაში შეუძლებელია კანონებში ცვლილებების შეტანა. იმისათვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, ცვლილებები უნდა შევიდეს მთავრობის შესახებ კანონში. ამისათვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა, საჭიროა პროექტის ინიცირება და შემდეგ სამი მოსმენით განხილვა. კანონპროექტი მიდის პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება და ასე შემდეგ. აღნიშნული პროცედურების გავლა ერთი კვირის განმავლობაში არის შეუძლებელი. მთავრობის შემადგენლეობის 1/3-ით განახლება ავტომატურ რეჟიმში მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს. სუფთა სამართლებრივი მიზეზია, რომ ჩვენ რამდენიმეკვირიან ინტერვალში მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადება გვიწევს“, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.

დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მოსმენის გრაფიკიც დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა – უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი კახა კუჭავა – უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი
შემდეგი სტატია,,ვაზაგაშვილისა და სხვების მკვლელობისას მაშინდელმა ოპოზიციამ კარგად ისარგებლა მომხდარი ტრაგედიებით”