7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ რაც გავაკეთე, მადლობელი ვიქნები, თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას” – დავით შარაშიძის სიტყვა სასამართლოზე

“მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ რაც გავაკეთე, მადლობელი ვიქნები, თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას”, – ამ შინაარსის განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სკამზე მყოფმა დავით შარაშიძემ გააკეთა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი მოსამართლეს სთხოვს გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მას ამ დრომდე არანაირი ადმინისტრაციული დარღვევაც კი არ ჰქონია.

“მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას. ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე და ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა. ამის შემდეგ , სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა სხდომაზე დავით შარაშიძემ.

ცნობისთვის, დავით შარაშიძეს გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავება. ყოფილ მაღალჩნოსანს, სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა, რომლის შესაბამისად, დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე მოსკოვის მექანიზმზე: ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები რეჟიმისთვის
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მთელი დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ