მხატვარი თამარ ფოცხიშვილი – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ, – ამის შესახებ მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, ინაუგურაციის ღონისძიება ქართული დროშის ფერებში იქნება, თუმცა, ვიხილავთ ევროკავშირის დროშებსაც.
„სალომე ზურაბიშვილი არის პირველი ქალი პრეზიდენტი, მაგრამ არ არის პირველი ქალი მეთაური საქართველოსთვის. მთავარი არის ის, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. არსებობს ჯგუფი, რომელიც დღეიდან იწყებს მუშაობას. ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული; უნდა იყოს იმ ფანტასტიურ, სრულიად მაღალი სულიერების და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, იქ, სადაც ერეკლე მეფის სასახლეა. აქ არის არაჩვეულებრივი პატარა ეკლესია და ვფიქრობ, ის სისადავე, რომელიც იმ ადგილს აქვს, არის ქართული სულისთვის დამახასიათებელი. ინაუგურაციის სტილი იქნება ადგილთან მისადაგებული. ღონისძიება იქნება მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური, სადა ღონისძიება იქნება. ჩვენ ორგანულად უნდა შევერწყათ იმ გარემოს. ღონისძიების ფერს გვკარნახობს საქართველოს დროშა, მაგრამ აქ უკვე გაჩნდება ევროკავშირის დროშებიც. ინაუგურაციის ნაწილია საქართველოს ეროვნული დროშა და გერბი. შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ. თუმცა, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დავჯდებით და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს. ქალი პრეზიდენტი მაღალ იდეალებს გვახსენებს. რთული გამოცდის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. კონსულტაციებს დღეს ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ შველიძეც ესწრებოდნენ

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ცერემონიალის გამართვის წესი იცვლება
შემდეგი სტატია“ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში”