მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გამოსავლის პოვნაზე, ვიმედოვნებ, რომ მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის საერთო პოზიიციების პოვნა

მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გამოსავლის პოვნაზე, ვიმედოვნებ, რომ მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის საერთო პოზიიციების პოვნა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელი საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ჯერ კიდევ თბილისშია და ცდილობს, იმუშაოს მხარეებთან, თუმცა ჯერ არის გადაწყვეტილება.

ელჩის განმარტებით, პროცესი რთულია, მაგრამ კარგია, რომ მხარეები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს მოლაპარაკების პროცესს.

„თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი პირველ მარტს იყო მომენტი, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩართულიყო, რათა ეცადა, დახმარებოდა საქართველოში სხვადასხვა მხარეს, ეპოვათ წინსვლის გზა. ამას მოჰყვა მისი სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის ვიზიტი, რომელსაც მე თან ვახლდი ბრიუსელში ჩემს გამომგზავრებამდე. როგორც იცით, სპეციალური წარმომადგენელი ჯერ კიდევ თბილისშია და ცდილობს, იმუშაოს მხარეებთან. თუმცა ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, იმ ფაქტის შედეგია, რომ ეს არის ძალიან ღრმა უთანხმოება. მე ამას ვგრძობ, რადგან დიდი ხანია, თითქმის ოთხი თვეა, ჩართული ვიყავი ფასილიტაციაში. ასე რომ, ეს პროცესი რთულია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ჩვენ ვხედავთ, მხარეები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს პროცესს. ასევე არის შეთანხმება იმ საკითხებზე, თუ რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს, რათა არა მხოლოდ გადაიჭრას კრიზისი, არამედ ასევე განვითარდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში, რასაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რთული საკითხებია. შეიძლება, აიწიოს დონემ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კომპრომისის მიღწევა მარტივად მოხდება. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ პროცესისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მხარეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ გამოსავლის პოვნაზე, მე ვიმედოვნებ, რომ მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის საერთო პოზიციების პოვნა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, რა იქნება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, ეს უნდა იყოს ის, რასაც ყველა მხარე დაუჭერს მხარს.

„რაც შეეხება განსხვავებულ პოზიციებს, ვადამდლე არჩევნებს, პლებისციტსა და სხვა საკითხებს, ეს პოზიციები კარგად ცნობილია, თუმცა ვფიქრობ, მნიშველოვანი საკითხია, რაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოვისმინეთ და რაც ფუნდამენტურია არის ის, რომ ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა იქნება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ეს უნდა იყოს ის, რასაც ყველა მხარე დაუჭერს მხარს“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონს ვახშამზე მასპინძლობს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს – ჰანს ვან ბაალენი