მკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე – ალავიძე პრემიერის განცხადებაზე

მკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე- აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პრემიერის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.

„სამწუხაროდ, ბევრი სამშენებლო კომპანია პრობლემური გვყავს საქართველოში, ფინანსურად უჭირთ და აქედან გამომდინარე, ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ სამშენებლო კომპანიებთან და საბანკო სექტორთანაც ამ მიმართულებით. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებებს, ამ საკითხს არ ვუყურებთ მხოლოდ ისე, რომ ეს არის კონტრაქტორს და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. ეს ფონდები და სახსრები არის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი და შესაბამისად, იმ კომპანიებმა, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ მუშახელი, აუცილებლად დროულად უნდა გადაუხადონ მათ ხელფასები. შესრულება როცა მოაქვთ, ერთი წუთი არ გვაქვს თანხის ჩარიცხვის დაგვიანება. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ თვითკმაყოფილი არა ვართ და როგორც პრემიერმა აღნიშნა, მკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე. შეგვიძლია, მრავალნაირი სანქცია გამოვიყენოთ. ჩვენ ხელების ამოგრეხვის პრინციპით არ ვმუშაობთ, პარტნიორობა კი უნდა იყოს ორმხრივი. დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ. ამას გარდა, დასაქმებულების განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია საგადასახადო სამსახურის კუთხითაც გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ ამ მიმართულებით, თუ გვექნება ფაქტები“, – განაცხადა ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში,,ნორმალურია ხალხო ეს მიმართვა?” – ბესელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე
შემდეგი სტატიაზუგდიდში ბიზნეს-სექტორს საგადასახადო სამართლის საკითხები გააცნეს