მივმართავ პარტნიორ ქვეყნებს: ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ანტიდასავლურ კამპანიაში, შეუზღუდეთ თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში – ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი მიმართავს პარტნიორ ქვეყნებს: ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ანტიდასავლურ კამპანიაში – მოძალადეები, იდეოლოგები, დამფინანსებლები – შეეზღუდოთ თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.

კახა ოქრიაშვილის თქმით, ეს იქნება მძლავრი გზავნილი, რომ ევროპა, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჭეშმარიტად დგას ქართველი ხალხისა და თავისუფალი საზოგადოების გვერდით.

ასევე ოქრიაშვილი სთხოვს, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას – დაიწყოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის შეგროვება ძალადობაში ჩართულ პირებზე.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ივანიშვილის „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ე.წ. შავრაზმელთა ჯგუფები თავს ესხმიან სამოქალაქო აქტივისტებს და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მოსახლეობაში საინფორმაციო, პროევროპულ ბუკლეტებს არიგებენ.

აგრეთვე, ახალი ძალით ამუშავდა ოცნების ანტი-ევროპული პროპაგანდა, ახალშექმნილი „ყაველაშვილის ტრიოს“ რუპორით. მათი მთავარი მესიჯია, რომ ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს სურთ ომი საქართველოში. არ მესმის, ანტი-ევროპული, მოძალადეობრივი ჯგუფების წევრებს და მათ იდეოლოგებს, თუ დამფინანსებლებს რატომ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, რატომ უნდა ჰქონდეთ იოლი წვდომა ბრიტანულ, ან ამერიკულ ვიზაზე.

მივმართავ პარტნიორ ქვეყნებს: გთხოვთ, მხარში დაუდექით ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ანტიდასავლურ კამპანიაში – მოძალადეები, იდეოლოგები, დამფინანსებლები – შეუზღუდეთ თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ეს იქნება მძლავრი გზავნილი, რომ ევროპა, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჭეშმარიტად დგას ქართველი ხალხისა და თავისუფალი საზოგადოების გვერდით. ასევე, ვთხოვ არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას – დავიწყოთ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის შეგროვება ძალადობაში ჩართულ პირებზე.

რაც შეეხება სამოქალაქო პროტესტს, ხშირად მეკითხებიან, – ვიკრიბებით რუსთაველზე 100 000 კაცი და რა ხდება ამის შემდეგ? რუსთაველზე, მშვიდობიან პროტესტზე, შევიკრიბებით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,- აღნიშნავს ოქრიაშვილი.

წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურის განცხადება 2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების განჩინებების თაობაზე
შემდეგი სტატიაარ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია