დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს – თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, მისივე იმპიჩმენტის პროცედურაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე.
და სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად.
მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს. მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.” თქვა ზურაბიშვილმა.