“მივიღეთ ძალიან მყარი პოზიცია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ცალკე იქნება განხილული”

ვიზალიბერალიზაციის პროცესში კომისიის ევრკომისიის პრეზიდენტ იუნკერის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ტუსკის, ევროპარლამენტის თავმჯდომარე შულცის, ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი – საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, რათა დამატებითი მოთხოვნები, წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხის განხილვას სჭირდება გარკვეული დრო, ევროპარლამენტში კენჭისყრისას არ არის გამორიცხული, პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებიდან თუ სხვა რაიმედან გამომდინარე, სხვანაირად დასვას საკითხი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია.

„ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასგან, მათ შორის ქალბატონი მოგერინისგან. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირს დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ბევრი საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის, ვიზებთან დაკავშირებული თემები ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, უკრაინასთან. ჩვენ მივიღეთ ამ საკითხშიც ძალიან მყარი პოზიცია ევროკომისიის და ევროკავშირისსხვა ხელმძღვანელების, რომ საკითხები განხილული იქნება ცალ-ცალკე. შესაძლოა, პროცესი იყოს პარალელურად, ანუ ერთი დღის განმავლობაში იყოს განხილული, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მოხდეს თემების გადაბმა, ერთი ქვეყანა დაელოდოს მეორე ქვეყანას და ასე შემდეგ. თუმცა, ობიექტურად, ვინაიდან თემები ბევრი აქვს ევროკავშირს და ევროპარლამენტს, კონკრეტულ თარიღს და დღეს ვერ ასახელებენ, როდის მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.“,-აღნშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც უნდა გაეკეთებინათ.

„რომ შევაჯამოთ ყველაფერი, საქმე მიდის კარგად. საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უნდა გაეკეთებინა. ახლა პოლიტიკური ძალები ქვეყნის შიგნით, თუ შეეცდებიან ამ პროცესის სათავისოდ გამოყენებას, ამაზე ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში პასუხს ვერავინ აგებს, ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი. თუმცა, როგორც გუშინ მოგახსენეთ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერების მხრიდან ჩვენ სრულიად ცალსახა პოზიცია მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებული სხვა საკითხები არ იქნება დაბრკოლება და წინაპირობა ვიზაზე გადაწყვეტილებების მიღებაში. თანამშრომლობა ცხადია, გაგრძელდება ყველა საკითხზე“,-განცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“ლექვინაძე ისევე როგორც თბილისის მერი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია”
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება