მივიღეთ დაპირება, რომ ის იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხებზე, რომლებიც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში – კორძაია

„რესპუბლიკური” პარტიის ღია მხარდაჭერა და პირველი კონსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილება დასაფასებელია, რადგან გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის შემთხვევაში, ბევრ პოლიტიკურ ჯგუფთან იქნება ანგარიშვალდებული.

„რა მორალური უფლებით უნდა ისაუბროს ახლა „ქართულმა ოცნებამ“ იმ წლებზე, რომელზეც ახლა აპელირებს და ცდილობს, ეს კამპანია აქციოს წარსულზე საუბრით, როდესაც გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს ის გამოცდილი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა შობა ფარცხალაძეები, სუბელიანები და უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლების, ვისაც ბიძინა ივანიშვილი თავად აკრიტიკებდა თავად მიიტმასნა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამაც. მისი თქმით, პარტია პერსონალურად გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

კორძაიამ იმ ძირითად შეთანხმებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც ვაშაძესთან მოლაპარაკების შემდეგ შეჯერდნენ. კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ცვლილება და ქვეყნის საერთაშორისო კურსის განსაზღვრა.

„დღეს ჩვენ მისგან მივიღეთ პერსონალურად იმისა დაპირება, რომელიც „რესპუბლიკური პარტიისთვის“ არის ძალზეც მნიშვნელოვანი, და ეს არის ევროინტეგრაციის, ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხებზე, მტკიცე მხარდაჭერა იმ დონეზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ამ საკითხმა არათუ გარდამავალ დებულებებში, სათანადო ადგილას უნდა ჰპოვოს ადგილი. სასამართლო რეფორმა, რომელიც ჩვენთვისაც მტკივნეულია და ის დაგვპირდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში და ჩვენ გვჯერა, რომ ის იქნება არჩეული, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან როგორც პრეზიდენტმა შეამზადოს ვითარება სასამართლო რეფორმისთვის. მესამე, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში, რომელმაც საერთოდ მიიღო გაურკვეველი ხასიათი, უნდა შეიცვალოს და ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკა მომხმარებლების და ციხეში მყოფი ადამიანების მიმართ იმ იდეებისგან, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახმოვანებს.

„ამიტომ, ბატონი გრიგოლისგან მივიღეთ დაპირება, რომ ის აუცილებლად, სიღრმისეულად იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხებზე, რომლებიც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში,“ – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „პოლიტიკური და მათ შორის საარჩევნო კონტექსტიდან, ასევე, მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე“
შემდეგი სტატია“არაფერ კავშირში არ არის ეს არჩევნებთან” – ირაკლი კობახიძე ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაზე საუბრობს