საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ჩამოსვლაზე ამბობს, რომ სუს-ი მიესალმება “ყველა მშვიდობიან სტუმარს”.
ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული პირები ქვეყანაში თავისუფლად შემოვიდნენ, რადგან მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცვლელ სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
“ჩვენ ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს, ქორწილი იქნება, გასვენება…. ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს. ქორწილებში ჩვენ არ დავდივართ”, – აცხადებს ლილუაშვილი.
კითხვაზე, როგორ შემოვიდნენ სანქცირებული პირები საქართველოში, ლილუაშვილი პასუხობს, რომ საქართველო არაა საერთაშორისო სანქციებს მიერთებული.
“[როგორ შემოვიდნენ მაშინ?] თავისუფლად. ადამიანებს, ვისაც არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით რისკის შემცვლელ პიროვნებებს, ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ წვლილი, ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას”, – ამბობს ლილუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.