“მივესალმები ზურაბიშვილის ინიციატივას… მის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში” -მიხეილ სააკაშვილი

“მივესალმები ზურაბიშვილის ინიციატივას… მის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედიდან” საქალაქო სასამართლოზე ჩართვისას საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება, რაც ერთიანი ევროპული პლატფორმის დაფუძნებას გულისხმობს.

მე მინდა მივესალმო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას. ერთადერთი, ჩემი აზრი არის ის, რომ ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალოდ ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებისაც, მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშავოთ კონკრეტული რაღაცები.

მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს არ გვაძლევს, უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ. მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს არ გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები, ისევე როგორც, მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისადმი ჭკუის დარიგებას. უბრალოდ, გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში. შენობაში ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე სიარულს ცოტა, გვერდიდან როცა უყურებ, თავისუფლების მოედანი დაპატარავდა და სპეციალურად სივრცე შეამცირეს, იპოდრომი, სადაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი, რომლის გავსებაც შეგვიძლია, შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია და თუ ქალბატონი სალომე აიღებს ასეთ ინიციატივას, მხარს დავუჭერ, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბერის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინინო გიორგობიანი მიშა ფეიქრიშვილმა ჩაანაცვლა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას