მივესალმები შს მინისტრის მიმართვას და მზაობას დიალოგისკენ, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამოძებნა სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 11:55

მივესალმები შს მინისტრის მიმართვას და მზაობას დიალოგისკენ, დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამოძებნა სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვას და დიალოგისკენ მზაობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამოძებნა სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ რუსთველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, გუშინ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს

„ეს ნამდვილად საქართველოს დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოვლინება იყო. პირველ რიგში, მინდა ხაზი ჩვენი სამართალდამცველების პროფესიონალიზმს გავუსვა, რომლებმაც გუშინ, მშვიდობით და უსაფრთხოების დაცვით, მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა უზრუნველყვეს. საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო და ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს.

რაც შეეხება მთავრობისა და დემონსტრანტების დიალოგს, ესეც ჩვენი დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოვლენა იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვას და დიალოგისკენ მზაობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, საერთო ენის გამოძებნა სწორედ რომ დიალოგით იქნება შესაძლებელი. ქვეყანა თავისუფალ გარემოში უნდა ვითარდებოდეს და თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლება და აზრის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი განსაზღვრავს, საბოლოოდ რა შედეგი იქნება მიღწეული.

„როგორც გუშინ აღინიშნა არის მზაობა, რომ ამ საკითხზე ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ფართომასშტაბიანი მსჯელობა გაიმართოს. ჩვენ ამ მსჯელობის და განხილვების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ნარკოპოლიტიკა საერთო პოზიციების შეჯერების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს. ყველა დაინტერესებული მხარის აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება, დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ ეს არის”,- განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონკრეტული შეფასებების გაკეთება რთულია, იყო თუ არა გადამეტებული ძალა 12 მაისის ღამეს.

„კონკრეტული შეფასებები ალბათ რთული გასაკეთებელია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრმა თავადაც აღნიშნა, რომ იგი მზად არის ამ ოპერაციის მსვლელობა და შედეგები დაინტერესებულ პირებთან პირადად განიხილოს. ხაზი მინდა გავუსვა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების და პოლიციის მაღალ პროფესიონალიზმს, მათ ჰუმანურ მიდგომებს და შესაძლებლობებს, რომ უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვა და ამასთანავე მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 11:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics