“მიუხედავად იმისა, თუ რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, თავდასხმა ენმ-ის ოფისზე დასაგმობია” – ამის შესახებ განცხადება პარტია “ახალის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმი “კუთხეში არის მიმწყვდეული” და ახლა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების გარდა გასაკეთებელი სხვა არაფერი დარჩათ.
ის რაც გუშინ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ, არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი.
დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს.
გასაგებია, რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს.
ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას – რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს, პირველ რიგში, ძალა აჩვენოს მათ.
ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ.
მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.
მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი – ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა!” – წერს მელია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ – პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.
ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.