,,მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო”

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილში.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერც მათი პროვოკაციაზე წამოგება შეძლო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ”ქართული ოცნების” სცენარით წარიმართა.

”არჩევნების წინ თბილისში მანამდე უპრეცედენტო მასშტაბის აქცია გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ.

უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.

ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო – 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება.

მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას”, -ნათქვამია წერილში.

ივანიშვილი აცხადებს, რომ მოახდინეს პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გააუქმეს სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები; სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოაშორეს შსს-ს.

”მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.

ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე.

ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.

ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა”, – აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის.
”ჩვენი მოქალაქეები ახლობლების გადასარჩენად იძულებულნი იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და სესხები აეღოთ, ამის ნაცვლად ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ბედის ანაბარად აღარაა მიტოვებული, აუცილებელი ოპერაციისა და მკურნალობის გარეშე არავინ რჩება. ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან უფასოდ განიკურნება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი ძალისხმევის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა. ეს პროექტი არამარტო სოციალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამედ სწორედ ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი საარჩევნო მარათონში ერთვება- ვეგმავ წინასაარჩევნოდ ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს
შემდეგი სტატია,,არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება”