მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მეუფე სერაფიმეს წერილშია აღნიშნული, რომელსაც სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი) სოციალურ ქსელ
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„თაიმერი“ მეუფე სერაფიმეს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო.

მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ; დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.

ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას“, – აცხადებს მიტროპოლიტი სერაფიმე.

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებამ და მრევლმა ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო, პროტესტი გამოთქვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საპროტესტო განცხადება 17 იანვარს, მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ გამოაქვეყნა, სადაც ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის პროტესტს აფიქსირებდა.

banner
წინა სტატიაშისისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს, ამიტომ მანდატურზე დევნა გაგრძელდება
შემდეგი სტატიაშევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს – ადა მარშანია