მიტროპოლიტი იობი ყინწვისზე: სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? მე უკვე განვიხილე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2020 17:29

მიტროპოლიტი იობი ყინწვისზე: სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? მე უკვე განვიხილე

“სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? ეს არის განსახილველი ადგილობრივ ეპარქიაში”,- ასე ეხმაურება რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი მიტროპოლიტ გერასიმეს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყინწვისის მონასტერში დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

“მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი ეს არის სასჯელი, მეტი სასჯელი ჩვენ არ შეგვიძლია”- ამბობს მიტროპოლიტი იობი.

მეუფე იობი მომხდარს პირველად გამოეხმაურა და თქვა, რომ “გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი”. მისივე თქმით, სასულიერო პირებს ერთმანეთში არ უჩხუბიათ, მაგრამ “ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს”.

გასროლისთვის სასულიერო პირი მამა დავით (კობა) კობაიძეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ტყვია მან მეორე სასულიერო პირის, მამა საბას, მანქანას ესროლა და მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც.

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2020 17:29

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics