8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

მიტროპოლიტი იობი: დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც, „ფეისბუქში“ დებენ სურათებს, ყურადღება გადატანილია იმაზე, რა მოწონება იქნება, ვინ რას იტყვის – ეს მდგომარეობა ღმერთს გვაცილებს!, – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე აქვს გადატანილი.

„სამწუხაროდ, ერული სული შემოიჭრა ეკლესიაში. ბოლო ჟამს, სასულიერო პირები ერის კაცის დონეზე დავლენო და ერის ადამიანები ცხოველის დონეზე დავლენო, ზუსტად ეს დროა ჩვენს დროში. უკვე სირცხვილის გრძნობა აღარ აქვთ ადამიანებს. დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. არადა, სასულიერო პირის სამეტყველო ენა სხვაა, უფრო მოკრძალებული უნდა იყოს, უფრო მოზომილი. დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში.

დღეს, ჩვენი სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს სურათებს, მთელი ყურადღება ამაზე აქვს გადატანილი, თუ რა მოწონება იქნება, ვინ რას იტყვის. „ფეისბუქში“ როგორი კომენტარები დაიწერება, ესაა მთავარი. დებს იქ თავის ფოტოებს, რაღაც სიტყვებს წარმოთქვამს და კომენტარებს ელოდება, მთელი მისი არსი, სულიერი მდგომარეობა გადასულია სოციალურ ქსელებში.

ამ დროს ღმერთი ავიწყდება. ეს მდგომარეობა ღმერთს გვაცილებს. დღეს ეშმაკი იქითკენაა მიმართული, რომ კაცობრიობა დააცილოს ღმერთს. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, რომ ნაკლები ურთიერთობა გვქონდეს სოციალურ ქსელებთან, რადგან დროს გვართმევს,“ – განაცხადა მეუფე იობ აქიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა გოგოლაშვილი: ტრამპი ყოველთვის ასეთი იყო, პირველივე დღიდან რუსეთის მხარეს იყო გადახრილი
შემდეგი სტატიაადვოკატი: დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო