9 აპრილს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობმა იქადაგა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებული არის რუისისთვის, რამეთუ დღეს ჩვენთან მობრძანდა უფლისწული გიორგი, მისი მამა დავითი. ეს სოფელი არის ცნობილი, დავით აღმაშენებელთან არის დაკავშირებული. თქვენ იცით, დავით აღმაშენებელი ამ სოფელში გაიზარდა, მამაცაშვილებმა გაზარდეს, მამაცაშვილებმა და ეს არის ის ტაძარი, სადაც მეფეც იკურთხა, ალექსანდრე მეფე, გიორგი მეორე იკურთხა ამ ტაძარში. ვიცით, რომ ალექსანდრე მეფე ამ ტაძარშია დაკრძალული. ისე რომ, შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი და მადლობა უფალს.
ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე რომელიც სულიწმინდით განიგრძნობა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ, აი, ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია ბაგრატიონთა. ჩვენ ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. იმიტომ, რომ მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი, იქნება ერთიანობის სიმბოლო ქართველი ერის.
მაშინ, როცა ჩვენ გვეყოლება ეს და მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს. ნამდვილად ჩვენს ერზე და ეკლესიაზე დიდი მადლი წამოვა, დიდი საღვთო მადლი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაფხიზლებს ქართველ ერს და როგორც მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ლაზარე როგორც აღადგინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ასევე აღადგენს საქართველოს. ასევე მოხდება საქართველოს სულიერი გაბრწყინება.
არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისა, ლავრის მონასტრის წევრი იყო ეს კირილე და „აღმოსავლეთშიო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო” სულიერი თვალსაზრისით და „ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფეო”,- განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.
ინფორმაციისთვის, მიტროპოლიტი იობის ქადაგებას დავით და გიორგი ბაგრატიონები დაესწრნენ.














