ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ როვნული სახელმწიფოებრიობა მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა.
“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული”.
(წმ. ილია მართალი, ჭავჭავაძე)
● ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო თანამემამულენო, თითოეულ თქვენგანს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
● ეროვნული სახელმწიფოებრიობა მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. მას ეროვნული ინტერესებისთვის მოაქვს ახალი შესაძლებლობები, აჩენს განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს, და იმავდროულად, თვით სახელმწიფოსა და მის მოქალაქეთა წინაშე ბადებს პასუხისმგებლობათა ფართო სპექტრს.
● ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის მიმართ განსაკუთრებული ისტორიული ღვაწლი აქვს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. სამშობლოს წინაშე თავდადებისთვის, არაერთი სასულიერო პირია წმიდანად აღიარებული, რომელნიც სამაგალითონი არიან შთამომავალთათვის და მარად მეოხნი არიან წინაშე ღვთისა.
● 1991 წლის 9 აპრილს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე (26.12.1991) საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისუფალი არჩევანი და აღდგენილად გამოაცხადა 1921 წელს უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ (ხელმეორედ) უკანონოდ ხელყოფილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
● დღევანდელი 26 მაისი ჩვენ შეგვახსენებს აწ ისტორიად ქცეულ 1921 წლის თებერვალსა და 1991 წლის 9 აპრილს შორის არსებულ დროის მონაკვეთს, რაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე გამოცდილებას წარმოადგენს.
● ამ გახსენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, და ასევე, ჩვენი დედა ეკლესიის დღევანდელობისა და მისი ხვალინდელი დღისთვის, რადგან წარსულის დავიწყებას მომავალი არასდროს გვპატიობს.
● საქართველოს სწორ არჩევანზე ბევრი რამ იყო და (დღესაც) არის დამოკიდებული; ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ღმერთი არასდროს გვტოვებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს თავისი საკეთებელი. ერები თავის ბედზე თვითონ არიან პასუხისმგებელნი, და რაც კი რამ სიკეთე გაგვაჩნია, მოფრთხილება და შემდგომი გამრავლება სჭირდება.
● ჩვენი ქვეყნის განვითარების სულიერი ვექტორი იმ ღირებულებებზე დგას, ქრისტიანობიდან რომ არის ნასაზრდოები. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა ცოცხალი რწმენაა ცოცხალი ღმერთის მიმართ. ცოცხალი რწმენა კი რეალურ დროში ახდენს გავლენას ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე.
● დღევანდელობაში არსებულ გამოწვევათა შორის არსებობს საფრთხე, რომ ადამიანებმა ქრისტიანობა ვიწრო კლასობრივ ან პოლიტიკურ იდეოლოგიად აქციონ. ამგვარი იდეოლოგია კი არის „რელიგია“ ცოცხალი ღმერთის გარეშე.
● სიტყვა, რომლითაც ღმერთი გვესაუბრება, არის უნივერსალური ფენომენი, და ის ვლინდება ადამიანის სინდისში; შესაბამისად, სწორედ სინდისია ადამიანის ადამიანურობის ქვაკუთხედი. ამიტომაც არის საჭირო სინდისისადმი მუდმივი მიყურადება , რომ არ გაუცხოვდეს ადამიანი მორალური საზომიგან, არ დაკარგოს ეთიკური, ზნეობრივი, ეროვნული ღირებულებები და არ იქცეს უთავბოლო არსებად, რა დროსაც მისთვის მნიშვნელობას (შინაარსს) კარგავს ისეთი ცნებები, როგორის არის ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!
● ღმერთო მაღალო, დაგვილოცე და გვიდღეგრძელე სამშობლო ჩვენი!
● აღვავლენთ ლოცვებს, რათა ყოველთა ჩვენთა წინაპართა და ყოველთა წმიდანთა ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააერთიანოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.
„აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა“. წერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.















