მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს ოკუპირებული ცხინვალის ტაძარში შობის დღესასწაულზე ჩატარებული წირვის შესახებ წერილით მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს, ლეონიდეს წერილით მიმართავს.

როგორც წერილში მიტროპოლიტი აღნიშნავს, შობის დღესასწაულზე ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს.

მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო:

ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა (https://sputnik-ossetia.ru.2021.01.07).

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)“,- წერს მიტროპოლიტი.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს და არც უნდა წავიდეს
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: თებერვლის თვეში საქართველოს პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება