მიტროპოლიტ იოანეს პასუხი ელჩ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს

ცოტა ხნის წინ მიტროპოლიტ იოანეს მიერ „ქუთაისპოსტთან“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთის რესპუბლიკაში ბატონი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და ნეგატიურად შეაფასა იგი. მეუფე იოანემ მრევლის იმ ნაწილის გამო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხები, გადაწყვიტა პასუხი გაეცა მისთვის.

დღეს სოციალური ქსელებით ინფორმაციის, პირადი შეხედულებების თუ კონცეფციების გავრცელება აქტიური და აქტუალურია. სამწუხაროდ, უფრო ხშირად ვრცელდება დაუსაბუთებელი, უკიდურესად სუბიექტური ემოციური ელფერით ნასროლი რეპლიკები, კრიტიკული შეფასებები, რომლებიც თავად ვერ უძლებენ კრიტიკას. სწორედ ამიტომ ვერიდები ამ თვითგამოჩენის სურვილებით აღსავსე სივრცეში ჩართვას, არც დრო მრჩება და გვიან თუ ვგებულობ ვინმესგან ამ ქსელებში გავრცელებულ ყურადსაღებ ინფორმაციას.
გავიგე, რომ რამდენიმე ხნის წინ ბატონი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელსაც მე დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, გამოეხმაურა ჩემ მიერ რომელიღაც ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუს. ჩემი ინიციატივით ჩემი მოსაზრების გახმოვანებისთვის არცერთი მედიასაშუალებისთვის არ მიმიმართავს. ჩემი აუდიტორია ეკლესიის მრევლია, რომელსაც ამბიონიდან ან პირადად, თითოეულ ადამიანს ვესაუბრები.
გავეცანი ბატონ ნიკოლოზიშვილის თეზისებად დალაგებულ გარკვეულწილად არგუმენტირებულ გამოხმაურებას და კარგა ხანი ვფიქრობდი, მეპასუხა თუ არა. არც კამათი მიმაჩნია სწორად და არც პასუხის პასუხების რეჟიმში ჩართვა. გადაწონა მოსაზრებამ, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე ნათქვამ სიტყვას შეუძლია არჩევანის საშუალება მისცეს მსმენელს. ამიტომ შევეცადე, პოლარული პოზიციები წარმომეჩინა, რათა თითოეულმა ადამიანმა თავისი არჩევანი გააკეთოს. ვეთანხმები ბატონ ნიკოლოზის სიტყვას: „ყველაფერი შედარებითია, გააჩნია, ამ პერიოდის ისტორიას რომელი კუთხით შევხედავთ“.
გამაკვირვა ბატონ ნიკოლოზის რეკომენდაციამ: „ჩვენს სამღვდელოებას, ხელდასხმამდე, ნიკოლოზ დურნოვოს „ქართული ეკლესიის ბედი“-ს მოკლე შინაარსი უნდა ჩააბარებინო. ეპისკოპოსად ხელდასხმის წინ კი სულ საზეპიროები უნდა ათქმევინო“. მე ვიცი, რომ მღვდელმთავარმა და მღვდელმა კი არა, არამედ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც თავს ქრისტიანად აცხადებს, პირველ რიგში, წმ. წერილი, სახარება, მოციქულთა და წმიდა მამათა სწავლება უნდა იცოდეს.
ბატონი ნიკოლოზი თავის გამოსვლაში შემოიფარგლა „რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის რამდენიმე აქტუალური საკითხით“. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს ისტორიის ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და არა ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რადგან „ყველაფერი შედარებითია“ და შედარების შემთხვევაში დავინახავთ მოვლენათა მსგავსებას და განსხვავებულობას. შესაბამისად, დასკვნაც უფრო ობიექტური იქნება.
საუკუნეების განმავლობაში საქართველო სხვადასხვა იმპერიების ურთიერთდაპირისპირების ზღვარზე იყო და დღესაც არის. იმ იმპერიების მემკვიდრენი დღესაც საქართველოს გარშემო არიან და მათი ზრახვები არ შეცვლილა. შეიცვალა მათი გავლენის გავრცელების და რეალიზების მეთოდები. საქართველო კვლავ არჩევანის წინაშე დგას: დარჩეს თავისი ისტორიულად გაკეთებული არჩევანის გზაზე, რომელზეც მან შეინარჩუნა თავისი იდენტობა, თვითმყოფადობა, წარმოაჩინა თავისი შემოქმედებითი ნიჭი და შექმნა ორიგინალური კულტურა, დაიკავა თავისი ადგილი მსოფლიო კულტურათა შორის, თუ „სინგაპურიზაციის“ გზაზე მომსახურე ერად იქცეს და დაასრულოს თავისი ისტორიული განვითარების გზა.
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) ხედავდა, რომ ქართველებს სამი საუნჯე დარჩათ: მამული, ენა, სარწმუნოება. ამ სამი საუნჯის გადარჩენაზე ფიქრობდა მეფე ერეკლე II, როდესაც იღებდა მძიმე გადაწყვეტილებას: ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატზე. იგი შორეულ მომავალს ჭვრეტდა და იმედი ჰქონდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი გადარჩენისა. მას კარგად ეცოდინებოდა, რა არჩევანი გააკეთეს ქართველებმა, როდესაც ბერძენმა მხედარმთავრებმა მათ მეფე გუბაზი მოუკლეს. ერეკლე II-ს ესმოდა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის იმპერია საქართველოსაც თავისი გავლენის სფეროდ აქცევდა. ამიტომ ამ დიდ იმპერიასთან ურთიერთობის სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარების სურვილით მოაწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს და რუსეთს ამ შეთანხმების დაცვის პასუხისმგებლობა დაეკისრა. მან დაინახა რუსეთის პოლიტიკის ხვეულები აწყურსა და ასპინძაში; კრწანისის ბრძოლაში იმდენად რუსების დახმარების იმედი არ ჰქონდა, რამდენადაც ქართველი თავადების, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაუმართლა. ვახტანგ VI-ის მწარე გამოცდილებაც ახსოვდა და მაინც მოაწერა ტრაქტატს ხელი, რადგან მან ისიც იცოდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველები ფერეიდანში, მესხეთ-ჯავახეთში, ტაო-კლარჯეთში, ლაზეთში – არც მამული, არც ენა და არც სარწმუნოება. მათ მდგომარეობაზე წარმოდგენა ქართველ ადამიანს შეექმნება, თუ წაიკითხავს ალ. ფრონელის წიგნს: „დიდებული მესხეთი“. მე ვიზიარებ წმ. ილია მართლის ხედვას და ვეთანხმები მეფე ერეკლეს არჩევანს.
დავუბრუნდეთ ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის გამოხმაურებას. ვიტოვებ უფლებას, მისი თეზისების თანმიმდევრობა არ დავიცვა. ბოლოდან დავიწყებ: მე ჯერჯერობით არც ამნეზია მჭირს და არც ისეთი ღრმა სკლეროზი მახასიათებს, რომ არ მახსოვდეს, ვინ და როდის დააშრო კოლხეთის დაბლობის ჭაობები, ვინ გაიყვანა საირიგაციო სისტემა, დარგო ევკალიპტები, შემოიტანა ციტრუსების კულტურა, გააშენა ჩაის პლანტაციები და ა.შ. ვინ მუშაობდა ამ პლანტაციებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმპერიის მოდიფიკაცია _ მონარქია იყო თუ ბოლშევიკური დიქტატურა – და არც ქრონოლოგიური თარიღი, არამედ ის, რომ ამ იმპერიის წიაღში იყო შემუშავებული და დაფინანსებული ეს პროექტები. მუშების და ინჟინრების ეთნიკურ წარმომავლობაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, უმრავლესობა ალბათ ქართველები იქნებოდნენ, როგორც, მოგვიანებით, ენგურჰესის მშენებლობისას. (სხვათა შორის, ჩაის საკრეფი მანქანა ქართველმა გამოიგონა). მე ხაზი გავუსვი იმპერიას და არა ადმინისტრაციულ დანაწევრებას: საქართველო იმპერიის წიაღში გუბერნია იყო თუ რესპუბლიკა. ბათუმი და ფოთი, როგორც ქალაქები, მაშინ აშენდა. ისიც ვიცი, ნიკო ნიკოლაძის მეცნიერულ-ტექნიკურ ნიჭსა და ინიციატივას რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმეში. მე „სხვა კუთხით ვხედავ“, რადგან „ყველაფერი შედარებითია“. საუკუნეების განმავლობაში – არც არაბთა ხალიფატის, არც თურქ-სელჯუკთა, არც ირანის თუ ილხანთა ურდოს ბატონობისას, არც ოსმალეთის იპერიის პროტექტორატის დროს – საუკუნეების განმავლობაში მსგავსი აღმშენებლობა საქართველოში, რაც ერთ საუკუნეში (1850-1950წწ.) იყო, არ ყოფილა. იყო ბოლშევიკების მიერ მხოლოდ ტაძრების გაუქმება და ნგრევა.
არაბთა კულტურის კვალი ესპანეთში კორდოვასა და ანდალუზიაში დარჩა, საქართველოში – არა.
ახალგაზრდა ტელეკორესპონდენტს, რომელიც კითხვებსაც წინასწარ მიცემული შპარგალკის (ქართული შესატყვისი ვერ გავიხსენე) მიხედვით მისვამდა, ამ „დეტალებზე“ ხომ არ დაველაპარაკებოდი, ისედაც თითქმის ერთი საათი დრო დავუთმე და მან რედაქციაში მიტანილი „მასალისათვის“ ალბათ „მადლობაც“ დაიმსახურა. რუსეთის დროშა ჩემს კაბინეტში – ეს კი გადაამლაშა! სასაცილოა, მაგრამ არ მიკვირს. რას არ მაბრალებენ! ჩემს კაბინეტში ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი საქართველოს რუკა არის კედელზე.
დავუბრუნდეთ სერიოზულ საკითხებს. აქაც ვრწმუნდები, რომ მე და ჩემი ოპონენტები „ისტორიას რომელი კუთხით შევხედავთ“, იმით განვსხვავდებით. ბატონი ნიკოლოზი იმოწმებს ვახტანგ ბერიძის წიგნს და ყურადღებას ამახვილებს აღმშენებლობაზე თემურ-ლენგის შემდეგ, პერიოდებზე შაჰ-აბასის შემოსევამდე და შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ და ა. შ. ბოლოს აკეთებს დასკვნას: „ქვეყანა მაინც ახერხებდა ძალის მოკრებას გამუდმებული შემოსევების შემდგომ“. მე სადმე, როდესმე მითქვამს, რომ ქართველები არ აშენებდნენ თავის ქვეყანას? ვინ აშენებდა თუ არა ქართველები? მე ვსვამ კითხვას: სხვადასხვა იმპერიის შემოსევების და ბატონობის დროს რა ხდებოდა? ბატონი ნიკოლოზი კი დიპლომატიური დუმილით გვერდს უვლის ამ ასპექტს, რუსეთის იმპერიის შემთხვევაში კი პირიქით _ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რა ზიანი მიაყენა რუსეთმა საქართველოს, ხოლო რა აღმშენებლობა მიმდინარეობდა, ამაზე პრაქტიკულად არაფერს ამბობს. ასეთ სუბიექტურ მიდგომას არ ვიზიარებ. უფალი ამბობს: მზე, ღვთის ქმნილება, თანაბრად უნათებს მართალს და ცოდვილს; და წვიმა თანაბრად აწვიმს მართალს და ცოდვილს; – და მოგვიწოდებს: იყავით სრულყოფილნი როგორც მამა თქვენი ზეცათა.
ისტორიული სამართლიანობა ითხოვს ორმხრივი შეფასების საფუძველზე დასკვნის გაკეთებას. ნეგატივი ნეგატივს შევადაროთ, პოზოტივი – პოზიტივს. არაბთა ოთხსაუკუნოვანმა ბატონობამ რა მოგვიტანა? მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთშიღა სუნთქავდა ქრისტიანული სული. წმ. მოწამე მეფე არჩილი, წმ. მოწამენი დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავარნი. რამდენი რიგითი ქართველი შეეწირა? რა მდგომარეობაში იყო ქრისტიანული ტაძრები? წმ. აბო თბილელის მარტვილობის შესავალში იოანე საბანისძე როგორ ახასიათებს იმდროინდელ ეპოქას? მასობრივად უხდებოდათ ქართველებს სჯულის შეცვლა, რომ არსებობის საშუალება ჰქონოდათ. არაბთა კულტურის კვალი ესპანეთში კორდოვასა და ანდალუზიაში დარჩა, საქართველოში – არა. არც თურქ-სელჯუკების შემოსევას მოუტანია აღმშენებლობა, ჯალალედინის შემოსევაზე რაღა ვთქვა? ყველა ქართველმა იცის ასი ათასი მოწამის შესახებ. თემურ-ლენგის შემოსევების შედეგიც არ დაგავიწყდეთ – დაქცეული, თავლადქცეული სვეტიცხოველი; შაჰ-აბასი, გინდა პირველი, გინდა მეორე, რით ახსოვს ქართველ ხალხს? აღმშენებლობით? თუ კახეთის ქართული მოსახლეობის მშობლიური მიწიდან აყრით და ფერეიდანში გადასახლებით, კახეთში ყიზილბაშების ჩასახლებით, ვენახების გაჩეხვით? ალავედრის საკათედრო ტაძარი რა დღეში იყო? შაჰის კარზე მძევლად წაყვანილი და გაზრდილი ბატონიშვილი კონსტანტინე კახეთში მამის, მეფე ალექსანდრეს, და ძმის, გიორგის, მოსაკლავად იყო გამოგზვანილი და დავალება შეასრულა. მიზეზი იყო კახეთის რუსეთთან კავშირის დამყარების მცდელობა. ქართლ-კახეთის მეფეები შაჰისთვის მეფეები კი არა ქვეშევრდომები იყვნენ, ვალები. ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის დატყვევება და მკვლველობა, ქეთევან დედოფლის არნახული სისასტიკით წამება, მისი შვილიშვილების, სამეფო ტახტის მემკვიდრეების, მწარე ბედი და მათი მამის, მეფე თეიმურაზის, დევნა; გამაჰმადიანებული როსტომის გამეფება და მისი ბრძანებით, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ევდემოსის წამება, მისი გვამის მეტეხის კლდიდან მტკვარში გადაგდება რას შევადარო? განა ყიზილბაშების მხრიდან ქართული მოსახლოების შევიწროებამ და დამცირებამ არ გამოიწვია შალვა, ბიძინა და ელიზბარის შეთქმულება? ბახტრიონის აღება და ყიზილბაშების განდევნა? ჯილდოდ შაჰისგან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღეს. აღა-მაჰმად-ხანამდე მოვედით. საკმარისია! შემოსევებს შორის შუალედებში ქართველი უბრუნდებოდა მეურნეობას, დანგრეულის აღდგენას, ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლებას. ეს რომ არა, როგორ გადარჩებოდა საქართველო?
გავიხსენოთ დემოგრაფიული მდგომარეობა: თამარ მეფის დროიდან ერეკლე II-ის დრომდე როგორი იყო ტენდეცია? 8-10 მილიონიდან ერთ მილიონამდე შემცირდა მოსახლეობა. იყო ომები, გადასახლებები, ეპიდემიები, ქართველების მიერ ქართველთა მონად გაყიდვა. იყო ლეკიანობა. და დასრულდა XIX საუკუნეში. რუსეთის იმპერიის წიაღში აღმშენებლობის შემაფერხებელი ფაქტორი იყო? ქართველები გავმრავლდით, სამ მილიონზე მეტი გავხდით. ქართულ ენაზე ჟურნალ-გაზეთები იბეჭდებოდა, გამოიცა ნუსხა-ხუცურით საღვთისმსახურო წიგნები. დღემდე ამ წიგნებით და მათი რეტოპრინტული გამოცემებით ვსარგებლობთ, მოხდა იპოლიტოვ-ივანოვის და ფილიმონ ქორიძის მიერ ქართული გალობის ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადატანა და რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ მისი კანონიკურობის აღიარება; გაიხსნა ქართული თეატრი, ოპერა. იყო უარყოფითიც, მაგრამ რომელი იმპერია არ ახორციელებს თავის მიზნებს? რუსიფიკაციის ფონზე ქართული წერა-კითხვის გამავრცლელებელი საზოგადოებაც მოღვაწეობდა. თერგდალეულებმა ქართულ სულს არ უღალატეს, რუსეთმა ხელი არ და ვერ შეუშალა. უფალმა მოგვხედა და ღვთის განგებამ გადაგვარჩინა. შევინარჩუნეთ მამული, ენა, სარწმუნოება.
შევეხოთ ბატონ ნიკოლოზის გამოხმაურების ზოგიერთ დეტალს. მას ნიკოლოზ დურნოვო „საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესანიშნავ მცოდნედ“ მიაჩნია. ქართულ ენციკლოპედიაში არც მისი, არც მისი შვილების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ამ ხარვეზს საბჭოთა რეჟიმს ვერ დავაბრალებთ, ერთი იმიტომ, რომ იგი ცარიზმის პოლიტიკას აკრიტიკებდა, რაც ბოლშევიკებს უნდა მოსწონებოდათ; მეორე იმიტომ, რომ საბჭოთა ენციკლოპედიაში ორი დურნოვოს, სავარაუდოდ, მისი შვილების შესახებ არის ცნობები, მის შესახებ კი – არა. ამ გაუგებრობას თავი დავანებოთ. როგორც ისტორიკოსს, მას უნდა მიეთითებინა წყაროები, რომელთა საფუძველზეც წერდა თავის წიგნს. ნ. ნ. დურნოვო აცხადებს, რომ რუსულმა ადმინისტრაციამ დახურა 860 ეკლესია, მიზეზს და გარემოებებს კი არ გვეუბნება. მას თვითონ ამ დროს რუსეთის მიერ დახურული ათიც არ უნახავს და კონკრეტულად არც აქვს მითითებული, რომელი დაიხურა. ბატონი ნიკოლოზი კი სრულ ნდობას უცხადებს ავტორს და მარტივი არითმეტიკული მოქმედებით 1901 წლისთვის მითითებულ 2455 მოქმედ ტაძარს მიამიტურად უმატებს 860 და აკეთებს დასკვნას, რომ რუსეთის მიერ შემოერთებამდე საქართველოში იყო 3300 მოქმედი ეკლესია. 2455 მოქმედ ტაძრთა სიაში შედიოდა რუსული ტაძრები: თბილისში – 7: მიხეილ ტვერელის, იოანე ღვთისმეტყველის, გარნიზონის სობორო, ალექსანდრე ნეველის, წმ ნინოს (კუკიაზე), წმ. ბარბარეს და მთავარანგელოზ მიქაელის. თბილისში ამავე დროს მოქმედებდა ძველი ქართული ტაძრები: სიონი, ანჩისხატი, მამა დავითი, დიდუბე. რომელი დახურეს? ახალი ქაშუეთი, წმ. სამების ეკლესია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, წმ. ნიკოლოზის ტაძარი ჩუღურეთში სანაპიროსთან როდის აშენდა? რუსული ჯარის გარნიზონებშიც იყო აშენებული ტაძრები, მაგალითად, ლაგოდეხში; ქუთაისში აშენდა პეტრე-პავლეს, მთავარანგელოზთა, ამაღლების ტაძრები, ხოლო გარშემო სოფლებში გაბრიელ ეპისკოპოსის ინიციატივით და კურთხევით ათეული ახალი ტაძარი აშენდა და ძველი განახლდა. რომელი დაიხურა და რატომ? ამოქმედდა სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის, ბოდბის, ბეთანიის მონასტრები. ასეთივე სურათია დასავლეთ საქართველში. სამართლიანი იქნება, თუ ბატონი ნიკოლოზი ხელახლა გადაამოწმებს თავის ინფორმაციას. ქართველებიც აშენებდნენ თბილისში და არა მარტო თბილისში. შენდებოდა სომხური ტაძრებიც და კათოლიკურიც. არც მეჩეთები და ჯამეები დანგრეულა! ეს ყველაფერი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობიდან წამოსული ბოლშევიკების გაბატონებამდე იყო. ბოლშევიკური ვანდალიზმი ცნობილია. მენშევიკებიც ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას. გაეცანით პატრიარქ ლეონიდეს და ნოე ჟორდანიას დიალოგებს და ეკლესიასთან მიმართებით იმ დროს გამოცემულ კანონებს.
რუსეთმა საქართველოს სამეფო ტახტის გაუქმებით გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები დაარღვია და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დამნაშავე გახდა. სამეფო დინასტიის წევრები გადაასახლა, ზოგი სანკტ-პეტერბურგში, ანუ დედაქალაქში, რუსეთის მეფის კარზე, ზოგი სხვა ქალაქში. მოსკოვში დღესაც არის ქართველთა დასახლების აღმნიშვნელი ქუჩები: Большая Грузинская და Малая Грузинская. ქართველ თავადებს მამულები დაუტოვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით რუსეთმა საეკლესიო სამართლის ნორმები დაარღვია და დამნაშავე გახდა. თავის დროზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ბულგარეთის ეკლესიას ორჯერ მიანიჭა ავტოკეფალია და ორჯერ გაუუქმა, ასევე სერბეთის ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია და გაუუქმა. საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია რუსეთისგან არ მიუღია და ამიტომ მას არც გაუქმების უფლება ჰქონდა. მიზეზი ის იყო, რომ რუსეთის ეკლესიაში საპატრიარქო ტახტი პეტრე I-ის მრავალწლიანი მოთხოვნის შედეგად კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობით გაუქმდა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქს ხომ არ დაემორჩილებოდა რუსეთის ეკლესია? ერთ დანაშაულს მეორე მოჰყვა. ღვთის განგებით ჩვენ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობაც და ავტოკეფალიაც აღვადგინეთ. ორივე სტატუსი აღიარებულია მსოფლიოში, რაც რუსეთის იმპერიის დროს საქართველოში აშენდა, ჩვენ დაგვრჩა, რაც დაზიანდა, გამოსწორდა. მე ფაქტების კონტსატაციას ვახდენ და არა რუსეთის გამართლებას.
დავუბრუნდეთ ნ. ნ. დურნოვოს (უფროსის) მოწმობას რუსეთის საეკლესიო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ეკლესიის ძარცვის საკითხს. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით მოხდა მისი შემოერთება რუსეთის ეკლესიასთან და მის სინოდზე დაქვემდებარება. დაიწყო საქართველოს ეკლესიის ქონების აღწერა, თავადების მიერ მითვისებული საეკლესიო მამულების ნაწილის ისევ ეკლესიისთვის დაბრუნება. აღწერას დაექვემდებარა ძვირფასი ხატები და საეკლესიო ნივთები. ნ. დურნოვო თავის წიგნში ასახელებს რუსი ეგზარქოსების მიერ მითვისებული ძვირფასი ქართული ხატების ნუსხას და თითოეულის ღირებულებას. ამ ინფორმაციის სანდოობის წყაროც უნდა იყოს მითითებული. საიდან ჰქონდა მას ეს ცნობები? აუქციონს ესწრებოდა თუ თვითონ შეაფასა? თუ აღწერის აქტები ნახა? ეგზარქოსებმა ძვირფასი ხატების არსებობა საიდან შეიტყვეს? ოდესღაც ივლიევის და ტოლმაჩევის ელჩობისას შედგენილი მოხსენებიდან თუ შემდეგ შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე? ბატონი ნიკოლოზის მიერ ციტირებული დურნოვოს წიგნის ამონარიდებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შემოერთებამდე სხვადასხვა დამპყრობლის მიერ რამდენი გაიძარცვა, ჩვენ არაფერი ვიცით, ამიტომ ვერ შევადარებთ. ზოგი რამ საქართველოში ნაძარცვიდან შაჰმა რუსეთთან მოლაპარაკებისას მას გადასცა. ქალაქ ანჩიდან მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ქართველებმა მის გადასარჩენად თბილისში გადმოაბრძანეს. იმერეთის მეფე ბაგრატმა აწყურის ღვთისმშობლის ხატი გელათში სამხრეთ საქართველოდან გადმოაბრძანა და შეამკო. რა დიადი ყოფილია საქართველო, რომ მრავალსაუკუნოვანი ძარცვის შემდეგ კიდევ დარჩა წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) მიერ გადასარჩენი ნაწილი, ნაწილი სვანეთის მთებში იყო დაცული. მაჰმადიანებისთვის ქრისტიანული ხატი მიუღებელია, მაგრამ ოქროს ან ვერცხლის ჭედურ პერანგებზე და ძვირფას თვლებზე უარს არ იტყოდნენ. ამიტომაც ხატი მათ ხელში ან ნადგურდებოდა, ან უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ იძარცვებოდა. ალაფზე რომელ დამპყრობელს უთქვამს უარი? მართლამდიდებელი ქრისტიანი რუსისთვის, ისევე როგორც ქართველისთვის, ხატი თავისთავად ძვირფასია. ავტოკეფალიის გაუქმების აქტით საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ნაწილად იქცა და შესაბამისად, მისი განძი რუსეთის ეკლესიის მიერ თავის კუთვნილებად იქნა მიჩნეული. ხდებოდა მისი აღწერა, ამასთან ერთად მისი მატერიალური შეფასება, რის შედეგად, შესაძლოა, ძვირფასი ნივთები იგზავნებოდა რუსეთის შესაბამის საცავში. ამ პროცესის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა ზოგიერთ ისეთ ფაქტს, რომელსაც ნ. დურნოვო ასახელებს. ამას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ტოტალური სახე ამას ვერ ექნებოდა. ცნობილია შემთხვევა გელათის მონასტრის გაძარცვისა. ჩატარდა გამოძიება, გაბრიელ ეპისკოპოსიც კი იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ გამართლდა; დამნაშავეები დასაჯეს, თუმცა ნაძარცვი ვერ დააბრუნეს. რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის მუზეუმების განძსაცავებში საქართველოდან გატანილი საეკლესიო ნივთების ნახვა? ცნობილია, რომ ზოგიერთი ქართული ძვირფასი ხატი კერძო კოლექციებში დღესაც არის. თავის დროზე ამას მიეძღვნა რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი „ნაძარცვის კვალდაკვალ“.
ბეთანიის მონასტრის საკითხიც გასარკვევია. ნუთუ ბატონი ნიკოლოზის აზრით, გრიგოლ ორბელიანმა (1851 წელს) ნახა ბეთანიის მონასტრის კედელზე თამარ მეფის ფრესკა, მიუძღვნა ლექსი და მიატოვა სახურავგადახდილი ტაძარი, რომ წვიმასა და თოვლს ჩამოერეცხა ძვირფასი სახე, თუ პირიქით, გრიგოლის ინიციატივით გადახურეს ტაძარი. როგორც ცნობილია, რუსმა მხატვრამა გ. გაგარინმა ჩამონგრეული ქვების გასუფთავების შემდეგ სრულად გამოაჩინა თამარ მეფის ფრესკა, რამაც საზოგადოებაში ამ ძეგლის მიმართ დიდი ინტერესი გააჩინა. მან თავისი ხარჯებით გაწმინდა როგორც თამარ მეფის, ისე სხვა ფრესკებიც, აგრეთვე გააკეთა ჩანახატები და გამოუშვა წიგნი. მხოლოდ საუკუნის ბოლოს დამკვიდრდნენ იქ ქართველი ბერები. ბერებმა, რომლებსაც ბატონი ნიკოლოზი ახსენებს, სენაკები ააშენეს, მონასტრული ცხოვრების აღდგენა დაიწყეს.
ბატონმა ნიკოლოზმა, როგორც ხელოვნებათმცოდნეობაში გარკვეულმა ადამიანმა, რასაკვირველია, იცის კედლის სატაძრო მხატვრობის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება. მოხატულობის დაზიანების შემთხვევაში, ფრაგმენტები თუ იყო დარჩენილი, კედლები ხელახლა გადაილესებოდა და მოიხატებოდა. გადახატვის მაგალითები საქართველოშიც გვაქვს: ანჩისხატში, შიომღვიმეში, სვანეთში ლატალის თემის სოფელ ლახუშტის ზემოთ, თანღილის ტაძარში და სხვ. სიონის ტაძრის მხატვრობა რომ არ დაზიანებულიყო, რატომ უნდა გადაეხატათ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ 1803 წელს, შემდეგ 1837 წელს? ეს მოხატვები თუ დამაკმაყოფილებელი იყო და მთელ ტაძარს მოიცავდა, რაღა საჭირო იყო კვლავ მოხატვა? გაგარინმა დაგვიტოვა ნაშთი წინანდელი მხატვრობისა და ბატონ ნიკოლოზს შეუძლია შეაფასოს ის – როცა შევა სიონის ტაძარში, მარცხნივ აიხედოს. გაჯის კანკელის თაობაზე ბატონმა ნიკოლოზმა ხელოსნებს ჰკითხოს, ამ მასალის მდგრადობა როგორია. დროსა და ცეცხლს როგორ უძლებს. დროისა და სახსრების სიმცირის შემთხვევაში გამართლებულია გაჯის კანკელი, ისე კი ქვის ან აგურისა, ან ხისა შენდება. ბოდბის მონასტერში კანკელი მაღალია, მაგრამ არ დაუშლიათ, არც მხატვრობა გადაუხატავთ.
შეგვიძლია სხვა კონკრეტულ ფაქტებზე თუ საკითხებზე მსჯელობა, ან ბატონი ნიკოლოზის კიდევ სხვა თეზისებზე საუბარი პრო ეტ ცონტრა. ვფიქრობ, პოზიციების წარმოსაჩენად ისედაც საკმარისი ითქვა. პოზიციათა სხვაობა გამოწვეულია განსხვავებული ხედვით: ბატონი ნიკოლოზი შემოიფარგლა მხოლოდ რუსეთის ცარიზმის ეპოქით საქართველოს ისტორიაში, ხოლო მე დამპყრობელთა მოქმედების შედარებით სურათზე ვმსჯელობ. ამასთან ერთად, მოვლენათა შეფასების სხვადასხვა საფუძველი გვაქვს. არის ქრისტიანული ცნობიერება და არის პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მსჯელობა. ეს წმ. შუშანიკის და ვარსქენის პოზიციების კოლიზიაა. ვარსქენების პოზიცია ცვალებადია, შუშანიკის _ მარადიული, რადგან ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული. მაცხოვრის ამ ქვეყანაზე მოღვაწეობის დროს პალესტინა რომაელების მიერ იყო დაპყრობილი, იუდეას მართავდა იმპერატორების მიერ დანიშნული პროკურატორი, მაგრამ სახარებაში თქვენ ვერ ნახავთ ადგილს, სადაც რომის ბატონობა ნეგატიურად არის შეფასებული ან მოხსენიებული. პირიქით, კაპერნაუმში კაცთმოყვარე ასისთავის მიერ ლოგიკური მსჯელობით გამოთქმულ რწმენაზე უფალი ამბობს, რომ ასეთი რწმენა ისრაელშიც არ უნახავს, ხოლო როდესაც მას უთხრეს პილატეს მოქმედებაზე, რომ მან დახოცა იერუსალიმში დღესასწაულზე მისული გალილეველები მათ მიერ შესაწირად მიყვანილ საქონელთან ერთად, უფალი პილატეზე აუგის თქმის ნაცვლად, ამბობს: ებრაელები თუ არ მოიქცევიან, მათ უარესი ბედი ეწევათ, რაც მომავალში აღსრულდა კიდეც. იესო მკაცრად ამხელს იუდეველებს, მწიგნობრებს, ფარისევლებს და აფრთხილებს, რომ, თუ ისინი (იუდეველები) არ მოიქცევიან, უფლისგან მიტოვებულები, უარესად დაისჯებიან (მთ.23). წმ. ილია მართალი ამ პოზიციაზე დგას: რუსული ადმინისტრაციის იმპერიულ-პროვინციული ამბიციის მიმართ ირონიულ დამოკიდებულებას გამოხატავს „მგზავრის წერილებში“, ლერმონტოვის „მწირის“ თარგმანის შესავალში, მაგრამ ძირითადად ამხელს „ჩვენისთანა ბედნიერ ერს“, მის მანკიერ თვისებებს: „სულ ძილი, ძილი“, თათქარიძის თვითკმაყოფილებას, უქნარობა-უნიათობას, ნაყროვანებას და ძმისადმი განკითხვას და შურს. ამ თვისებებმა ცხადად იჩინა თავი ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში. მტრის სახეს ვეძებთ ბოლშვიკების მსგავსად სხვაგან, ჩვენში კი არ გვინდა დავინახოთ. ადამიანს ორი მტერი ჰყავს: მაცდური და თვითონ ცდომილი ადამიანი. დანარჩენი მოვლენები ღვთის განგების შედეგია, მიმართული ადამიანის გამოღვიძებისკენ, რათა მან თავი დააღწიოს ცდომილებას. ჩვენ ორი მთავარი პრობლემა გვაქვს: დემოგრაფიული და მენტალური. თათქარიძეს შთამომავლობა არ ეყოლა, XX საუკუნეში არ გავმრავლდით ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, ვერ ვავსებთ საკუთარ ქვეყანას და ვტოვებთ სოფელს, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ეკონიმიკური სტაბილურობის და დამოუკიდებლობის საფუძველს, არ გვინდა საკუთარი მიწა-წყლის დამუშავება და მუშებად მივდივართ უცხო ქვეყნებში, უცხოელები კი ჩვენს მიწა-წყალზე მრავლდებიან და ამუშავებენ მას. წმ. ილია მართლის საზოგადოებრივი, მოქალაქეობრივი ღვაწლი ერის მენტალობის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ იყო მიმართული, ასევე მისი თაობის მრავალი წარმომადგენლის, რომლებმაც განათლება რუსეთსა ადა ევროპაში მიიღეს. მტრის სახის ხატვა კი არ გვიშველის, არამედ ეროვნული თვითშეგნება, ისტორიული ეროვნული ღირსების აღორძინება, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. სიძულვილით სასიკეთო არაფერი შენდება.

 

ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას
შემდეგი სტატიაიმერეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ